20-წლამდელების მსოფლიო: საქართველომ არგენტინა დაამარცხა
რაგბიში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი არგენტინის ნაკრებთან გამართა და 20:0 გაიმარჯვა.
პირველ ტაიმში ლადო კილასონიას გუნდმა ჩინებულად ითამაშა და მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობა, რაც ტაბლოზეც აისახა - 14:0.
ლელოს ავტორები ლუკა ხორბალაძე და ბასა ხონელიძე გახდნენ. პირველ შემთხვევაში ხორბალაძემ მეტოქის შეტევა კარგად წაიკითხა და პასის ჩაჭრა მოახერხა, რის შემდეგაც ლელოს დადება აღარ გასჭირვებია.
ხონელიძემ კი აუტის შემდეგ დაძრული მოლის შედეგად მეორე ლელოს დადება შეძლო, რომელიც პირველის მსგავსად პეტრე ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა.
პირველი ტაიმის ორივე ლელო
მეორე ტაიმი 42-ე წუთზე მოპოვებული ჯარიმით დაიწყო, რომელიც ხუციშვილმა ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და - 17:0.
პეტრე ხუციშვილმა 55-ე წუთზე მორიგი მოპოვებული ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საქართველო 20:0 დააწინაურა.
ქართველმა მორაგბეებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და მეტოქეს მეორე ნახევარში თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ პირველი მატჩი სამხრეთ აფრიკასთან გამართეს და 10 ქულის სხვაობით 33:23 დამარცხდნენ.
ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩი „უმცროს ბორჯღალოსნებს“ 4 ივლისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ელით. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი-ოფში ითამაშებს.