რეალის ალტერნატიული გეგმა | უარი კეინზე და ოსიმენზე, რას აპირებს ბლანკოსი
მადრიდის „რეალი“ მაღალი დონის თავდამსხმელს ეძებს. „სამეფო კლუბს“ ჰარი კეინსა და ვიქტორ ოსიმენს უკავშირებდნენ, მაგრამ „ბლანკოსმა“ მათ გადაბირებაზე უარი თქვა, რადგან ინგლისელი და ნიგერიელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ეძვირა.
„რეალს“ კარიმ ბენზემას წასვლის შემდეგ გაჩენილი სიცარიელის შევსება სურს. მათი მთავარი სამიზნე კილიან მბაპეა, მაგრამ გარანტია არ არსებობს, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ამ ზაფხულს მიაშურებს, რის გამოც, „ბლანკოსმა“ ალტერნატიული ვარიანტების განხილვა დაიწყო.
AS-ის ცნობით, ერთ-ერთი, ვისაც „სამეფო კლუბი“ აკვირდება, „იუვენტუსის“ სერბი ფეხბურთელი, დუშან ვლაჰოვიჩია. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ ვლაჰოვიჩს იჯარის წესით გაიფორმებენ და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ. AS-ის მიხედვით, „რეალს“ კეინისა და ოსიმენის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხის გადახდის პერსპექტივა არ ხიბლავს და გადაწყვეტილი აქვს, მათთვის არ იბრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ ვლაჰოვიჩის წასვლაზე აქამდეც დაიწერა და „იუვენტუსი“ მის შემცვლელად „მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს. „რეალის“ გარდა, სერბი თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვით „ჩელსი“ ინტერესდებოდა.