ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, The Athletic-მა იმ ფეხბურთელებზე დაწერა, რომლებმაც ბოლო ტურში მაღალ დონეზე იასპარეზეს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ლიდერზე, ზურიკო დავითაშვილზე უკვე გესაუბრეთ და მის გარდა, The Athletic-მა ირაკლი აზაროვიც გამოარჩია.

„ნიდერლანდების წინააღმდეგ, ზურიკო დავითაშვილმა მატჩის მომენტი შექმნა, მაგრამ მისი თანაგუნდელი, ირაკლი აზაროვი ქართველთა წინააღმდეგობის მოძრაობისთვის ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. აზაროვმა, 4-4-2 ტაქტიკაში, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ რეალურად, თანაგუნდელების დახმარებაზე ორიენტირებული განაპირა მცველის ფუნქციებს ასრულებდა. სერბულ კლუბში, ცრვენა ზვეზდაში ირაკლი სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობს და გვაჩვენა, რომ მშვენივრად გრძნობს, საფრთხე საიდან მოდის.

ვერ ვიტყვით, რომ ბურთთან კარგი არაა, რადგან ნიდერლანდებთან მატჩში, საქართველოს შეტევაში სერიოზული ამბიციები არ ჰქონია და როცა ქართველები საკუთარ ნახევარზე ბურთს აკონტროლებდნენ, იერიშის გაგრძელების ბევრი ვარიანტი ნამდვილად არ ჩნდებოდა. რამდენიმე მომენტში, აზაროვმა წნეხს თავი მშვენივრად დააღწია და მეტოქეთა ვარდნებიც აირიდა, თუმცა ის ფაქტი, რომ პერიოდულად უკან იხევდა და მარცხენა მცველსა და მარცხენა ცენტრალურ მცველს შორის გაჩენილ სივრცეს ავსებდა, მის კონცენტრაციაზე იდეალურად მეტყველებს.

სხვა ეპიზოდებში, აზაროვი მარცხენა მცველს, ალექსანდრე კალანდაძეს საშუალებას აძლევდა, ცენტრისკენ შეწეულიყო და საქართველო 5-მცველიან ტაქტიკაზე გადაწყობილიყო. ირაკლიმ რამდენიმე ჭკვიანური ჩაჭრა განახორციელა და მისი ფლანგიდან ნიდერლანდელებს ღირებული პრაქტიკულად არაფერი შეუქმნიათ. აზაროვის ტაქტიკური უნივერსალურობა მისი საუკეთესო უნარი არაა, მაგრამ ნიდერლანდებთან მატჩში, ირაკლი განსახიერება იყო დისციპლინისა, რომელიც საქართველომ ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისას აჩვენა და პირველი ადგილის დასაკუთრებაში დაეხმარა“, - წერს The Athletic-ი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი არავის სჯეროდა, თუმცა ჯგუფი მოიგეს, საქართველოს პატივს ვცემ“
„მათი არავის სჯეროდა, თუმცა ჯგუფი მოიგეს, საქართველოს პატივს ვცემ“