„არგენტინასთან ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ლადო კილასონია მატჩის წინ
20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ხვალ მეორე შეხვედრას გამართავს. უმცროსი ბორჯღალოსნები A ჯგუფის ლიდერს, არგენტინის 20-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონია Rugby TV-ის ეთერში მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და სამხრეთ აფრიკასთან პირველი ტურის შეხვედრასაც შეეხო.
რა თქვა კილასონიამ:
ვინაიდან, პირველ ტურში, იტალიის ნაკრებმა არგენტინასთან კაცი პირველივე წუთებზე დაკარგა, შეტევაში ბევრი ვერაფერი შესთავაზა და შესაბამისად, ვერ ვნახეთ რამდენად აქვს ამ გუნდს დაცვაში სერიოზული პრობლემები. არგენტინას პირველ თამაშში დიდად დაცვის თამაში არ მოუწია. რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ ძალიან კარგი გუნდია, პირველ თამაშში 5 ქულა აიღო და მათთვის ეს გადამწყვეტი მატჩი იქნება. აბსოლუტურად სხვა სტილის გუნდია - ძალიან სწრაფი და დინამიური, კარგად შეთამაშებული და თავისი ძლიერი მხარეები კარგად იცის, რასაც მაქსიმალურად იყენებს. ჰყავს ძალიან კარგი 10 ნომერი. საერთოდ, ძალიან მოძრავ და ლამაზ რაგბის თამაშობენ, გუნდი კარგად არის აწყობილი. აფრიკისგან განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სამხრეთ აფრიკელები ჩვენთან ფიზიკურად ცალ მხარეს წამოვიდნენ და კვეთაზე ააწყვეს თამაში, არგენტინელები კი თამაშს აწყობენ ინტერვალზე და სხვა ბურთზე.
რაც შეგვეხება ჩვენ, რაც არგენტინასთან დასახვეწი გვექნება, პირველი არის ცენტრიდან მიღება. ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკასთან პირველ ნახევარში საკმარისად კარგად ვერ შევედით და თამაში 20:7-დან დავიწყეთ. შესაძლოა, ეს ნერვიულობის ბრალიც იყო, რადგან ალბათ, პირველი თამაშის წნეხმა იმოქმედა. მასპინძელი გუნდი იყო და ტურნირის გახსნითი თამაში. ასეთ დროს პასუხისმგებლობის გრძნობაც საკმაოდ დიდია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი თამაში მასპინძლის წინააღმდეგ გიწევს, თან სავსე ტრიბუნების თანხლებით. ახლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რომ მშვიდად ვიყოთ, ვიცოდეთ, რას შემოგვთავაზებს არგენტინა და მზად ვიყოთ პასუხების დასახვედრად. და რაც მთავარია, ჩვენი ძლიერი მხარეები რაც არის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად კარგად შევასრულოთ. არ შეიძლება მოწინააღმდეგის თამაშზე ააწყო შენი თამაშიც, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან გამართა და 33:23 დამარცხდა. არგენტინის წინააღმდეგ მატჩი კი 29 ივნისს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.