„ამ წარმატებაში დინამო თბილისის როლი ძალიან დიდია“ - ფიფია ევროპის ჩემპიონატზე
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტი, რომან ფიფია 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებას ეხმაურება და აღნიშნა, რომ ამ წარმატებაში თბილისის „დინამოს“ როლი დიდია.
რას ამბობს ფიფია:
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენა, რითაც მთელი ერი გაგვახარა.
მსურს 21-წლამდე ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს და სამწვრთნელო შტაბს ეს შთამბეჭდავი წარმატება მივულოცო. ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან ამ წარმატებაში დინამო თბილისის როლი ძალიან დიდია. ნაკრებში ჩვენი აკადემიის აღზრდილი 13 ფეხბურთელი ასპარეზობს, მათგან 6 კი - მოქმედი დინამოელია.
აკადემიის დაარსების დღიდან მჯეროდა და საჯაროდ არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი სწორი მუშაობა რამდენიმე წელიწადში ქართულ ფეხბურთს წარმატებას მოუტანდა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი კი ამის ნათელი მაგალითია.
ჩვენი ნაკრები ევრო 2023-ზე გამოსვლას განაგრძობს და მჯერა, რომ მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რამაზ სვანაძის გუნდმა ისეთ მეტოქეებს აჯობა, როგორებიც არიან პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებები. მომდევნო ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ნაკრები იქნება. მატჩი 1 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.