ევროპული თამაშები | გურულმა ბრინჯაო გაინაღდა და ოქროსთვის იბრძოლებს
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მე-3 ევროპულ თამაშებზე დღეს კრივში საქართველოს სახელით ლაშა გურულმა იასპარეზა.
ქართველი მოკრივე მეოთხედფინალში ბულგარელ რადოსლავ როსენოვს შეხვდა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 5:0 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამივე რაუნდი დამაჯერებლად მოიგო.
შესაბამისად, ლაშა გურულმა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ოქროს მედლისთვის მიმავალ გზაზე ქართველი მოკრივე ნახევარფინალში უნგრელ რიჩარდ კოვაჩს შეხვდება. ორთაბრძოლა 30 ივნისს გაიმართება.
აქვე, მნიშვნელოვანია, რომ ნახევარფინალში გასვლით, ლაშა გურულმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ამ ბრძოლამდე, გურულმა პირველ წრეში ესპანელი ადრიან ტიამი 3:2 დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი სლოვაკ ვილიამ ტანკოს 5:0 მოუგო.