ვაისი: „იმედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება“
საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ევროპირველობაზე, ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასა და პლეიოფში გასვლას გამოეხმაურა. ვაისის სიტყვები Metaratings.ru-მ გაავრცელა და „სლოვანის“ თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ რამაზ სვანაძის გუნდი მინიმუმ ფინალში გავა.
„საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პლეიოფში იმიტომ გავიდა, რომ კარგი გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს. ბოლო წლებში, საქართველოში, ახალგაზრდა მოთამაშეებთან მიმართებით ბრწყინვალედ მუშაობენ. ბევრი აკადემია და სტადიონი ააშენეს და კარგი ინფრასტრუქტურა აქვთ. ახალგაზრდული გუნდის ღირსებას ის ფეხბურთელები იცავენ, რომლებსაც ეროვნულ გუნდში უთამაშიათ და ქართველებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ.
ახალგაზრდულ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი რომ შეერთებოდნენ, უფრო ძლიერი გუნდი იქნებოდა. იმედი მაქვს, საქართველო ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება, რადგან საშინაო სტადიონზე დაუჯერებელი ქომაგობაა და გულშემატკივრები ფეხბურთელებს დიდ ძალასა და სურვილს აძლევენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმატებას ვუსურვებ, იქ ბევრი მეგობარი მყავს.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ვუყურე. შესანიშნავი თამაში იყო და ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ეს ფეხბურთია, აქ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და საქართველოს მატჩების ყურებასა და მათ გულშემატკივრობას აუცილებლად გავაგრძელებ“.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდის სავარაუდო ოპონენტები გერმანია, ჩეხეთი და ისრაელი არიან.