ინტერს მამარდაშვილი ეძვირა | ონანა მანჩესტერ იუნაიტედში გადადის
„ინტერის“ მეკარე, ანდრე ონანა პრემიერ ლიგაში გადასვლას უახლოვდება. კამერუნელი გოლკიპერის გადაბირების მთავარი მსურველი „მანჩესტერ იუნაიტედია“. იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო ბიაზინის მიხედვით, „ნერაძური“ „წითელი ეშმაკებისგან“ ოფიციალურ წინადადებას ძალიან მალე მიიღებს.
იტალიური Sportmediaset-ის მიხედვით, ონანას გაფორმება ერიკ ტენ ჰაგის მოთხოვნაა. ნიდერლანდელ სპეციალისტს 27 წლის მეკარესთან „აიაქსში“ უმუშავია, მისი შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი კარგად მოეხსენება და დარწმუნებულია, რომ კამერუნელს შეუძლია, „მანჩესტერის“ საკვანძო ფეხბურთელი გახდეს.
Sportmediaset-ის ცნობით, „იუნაიტედის“ შეთავაზება 60 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული თანხა დაემატება. „წითელი ეშმაკები“ „ინტერის“ მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებენ და დიდი შანსია, მომდევნო სეზონში, ონანა „ოლდ ტრაფორდზე“ ვიხილოთ.
იტალიურ პრესაში კამერუნელის სავარაუდო შემცვლელებზეც დაიწერა. როგორც ჩანს, „ინტერი“ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას არ აპირებს და ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს. საქმე ისაა, რომ „ვალენსიამ“ „მამარდას“ სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, ეს თანხა კი „ნერაძურის“ ეძვირა. მილანელთა თავკაცს, სიმონე ინძაგის სურს, გუნდმა ახალი მეკარე, რაც შეიძლება, სწრაფად გაიფორმოს. მის გეგმებში ონანას გაშვება არ შედიოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.