„ზურიკოს ცეკვა და თავდადებული დაცვა“ - UEFA ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაზე
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. რამაზ სვანაძის გუნდის წარმატება UEFA-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და პირველი გოლის ავტორი, ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია.
„ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთმა მასპინძელმა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა და ნიდერლანდებთან აღებული ქულის წყალობით, ჯგუფი მოიგო. ქართველებს პორტუგალია შეუერთდება, რომელმაც ბელგია ბოლო წუთებზე დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა სენსაციური ინდივიდუალური გოლი გაიტანა. საქართველომ ჯგუფური ეტაპი წაგების გარეშე დაასრულა, ნიდერლანდები კი მესამე ადგილზე გავიდა და ტურნირს გამოეთიშა. მას შემდეგ, რაც კენეთ ტეილორის თავურების შემდეგ, საქართველოს კარი ძელმა 2-ჯერ გადაარჩინა, დავითაშვილმა პრაქტიკულად მოედნის ცენტრიდან დაწყებული სოლო რეიდი გოლით დაასრულა. ზურიკო ნიდერლანდელ ფეხბურთელებს ცეკვით გასცდა და 42-ე წუთზე, მეტოქის კარი აუღელვებლად აიღო.
პირველი ტაიმის დასრულებამდე, ტეილორმა ლამაზი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლების თავდადებულმა დაცვამ ნიდერლანდების ჯგუფში ჩარჩენა განაპირობა, რაც ევროპის ბოლო 5 ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პირველად მოხდა“, - წერს UEFA.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდის სავარაუდო ოპონენტები გერმანია, ჩეხეთი და ისრაელი არიან.