სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის | კვერნაძე ფროზინონეში მიდის
„დინამო ბათუმის“ რიგებში მოთამაშე გარემარბი, გიორგი კვერნაძე კარიერას სერია A-ში დაბრუნებულ „ფროზინონეში“ გააგრძელებს. იტალიურ პრესაში ამ გარიგებაზე რამდენი დღეა აქტიურად იწერება და Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ტრანსფერთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმებულია.
ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მოსალოდნელია, რომ კვერნაძე იტალიაში მომდევნო კვირაში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, Corriere dello Sport-მა ტრანსფერის დეტალებზე დაწერა. იტალიური გამოცემის მიხედვით, საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზე მიდის, რომელიც გამოსყიდვის უფლებას მოიცავს. როგორც ირკვევა, მოლაპარაკებებისას შუამავლის როლი დარიო პაოლილომ მოირგო, მამუკა ჯუღელი კი, რომელიც კვერნაძეს აგენტია, მას აქტიურად ეხმარებოდა.
20 წლის გიორგი კვერნაძე „საბურთალოს“ საკუთრებაა და გასული ზამთრიდან მოყოლებული ბათუმის „დინამოში“ იჯარით თამაშობს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 შეხვედრაში 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, საქართველოს თასის ორ მატჩში 1 გოლით გამოიჩინა თავი. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი კვერნაძეს 300 000 ევროდ აფასებს.