პირს მორგანი პოზიციას არ იცვლის | „რონალდუსთან ერთად არსენალი ჩემპიონი გახდებოდა“
ცნობილ ბრიტანელ ჟურნალისტს, პირს მორგანს ისევ სჯერა, რომ „არსენალს“ პრემიერ ლიგის მოგება შეეძლო. ამისთვის, „მეთოფეებს“ ერთი რამ უნდა გაეკეთებინათ და კრიშტიანუ რონალდუ უნდა გაეფორმებინათ, როცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მისი გაშვება გადაწყვიტა.
„არსენალის ფანებმა დამცინეს, როცა ვთქვი, რომ რონალდუს გაფორმება ბრწყინვალე ტრანსფერი იქნებოდა. ახლაც იცინიან? ნუთუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ როცა გაბრიელ ჟეზუშმა ტრავმა მიიღო, რონალდუ შეტევის ხაზის ლიდერი ვერ გახდებოდა და ტიტულამდე ვერ მიგვიყვანდა?
საქმე მხოლოდ გოლებს არ ეხება. გამარჯვებულის მენტალიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა გასახდელში ასეთი ფეხბურთელი შეგყავს, ახალგაზრდა მოთამაშეებს მისი მენტალიტეტისკენ მისწრაფება უჩნდებათ. გასულ სეზონზე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ მომწონს არტეტას რიტორიკა თუ რამდენად მტკივნეული იყო ტიტულის დაკარგვა. ასევე მომწონს გუნდის კაპიტნის, ედეგორის სიტყვები და დარწმუნებული ვარ, ეს ტკივილი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ოლდ ტრაფორდი“ იანვარში დატოვა და „ალ-ნასრის“ მიაშურა. იმ პერიოდისთვის, „არსენალი“ პირველ ადგილს იკავებდა და სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ მიკელ არტეტას ბიჭებმა „სიტის“ დაწევისა და გადასწრების საშუალება მისცეს.