„კვარაცხელია? მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ...“ - კულიბალიმ ნაპოლიზე ისაუბრა
32 წლის სენეგალელი მცველი, კალიდუ კულიბალი რომელიც რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალში“ გადავიდა, იტალიურ Repubblica-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს.
კულიბალი აღნიშნავს, რომ „ნაპოლიდან“ წასვლას არ ნანობს, თუმცა გული მხოლოდ ერთ რამეზე წყდება. სენეგალელი ამბობს, რომ მისთვის დასანანია, კვარაცხელიასთან ერთად თამაში რომ ვერ შეძლო.
რა თქვა კულიბალიმ:
ბევრი მეუბნება, რომ „ნაპოლიდან“ არასწორ დროს წავედი, რადგან სკუდეტოს მოგება შემეძლო. მაგრამ მე მტკიცედ მჯერა ბედისწერის და ყველა გარემოება აჩვენებს, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. ძალიან გამიხარდა ჩემი ყოფილი კლუბის, თანაგუნდელების და გულშემატკივრების გამო, მათ ჩემპიონობა დამსახურებულად იზეიმეს. თუმცა, მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ: კვარაცხელიასთან ერთად რომ ვერ ვითამაშე. ხვიჩა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ის დრიბლინგს ახორციელებს, გოლები გააქვს და თანაგუნდელებსაც ატანინებს. კვარაცხელიას შეუძლია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად ითამაშოს. მისი ფეხბურთი ძალიან ლამაზია და სიამოვნების მინიჭება შეუძლია. ხვიჩას ვუსურვებ, დიადი კარიერა ჰქონდეს.
ოსიმენი? ყველამ ნახა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. როცა გუნდიდან წავედი, მას ტელეფონით ვესაუბრებოდი და ვცდილობდი რამდენიმე რჩევა მიმეცა. რაც შეეხება მომავალ სეზონს, მან თავად უნდა გადაწყვიტოს წავა, თუ დარჩება. იმედია, თავის გადაწყვეტილებას არ ინანებს. ვიქტორი ჩემსავით აფრიკელია, რის გამოც მისი მიღწევები კიდევ უფრო საამაყოა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი კონტინენტიდან უფრო და უფრო მეტი ჩემპიონი წამოვა.
მშურს თუ არა კიმის? არა, კიმს სუპერ სეზონი ჰქონდა. უფრო მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ ამდენი შესაძლო დამშვიდობების შესახებ მესმის, მწვრთნელის ჩათვლით. გარსია კარგი სპეციალისტია და ახლა საქმის თავიდან დაწყება მოუწევს. „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა თითქმის შუა სეზონში იზეიმა, როდესაც კონკურენტებთან ქულებით დიდი სხვაობა შეიქმნა, ახლა კი კლუბის მიზანი ერთადერთი უნდა იყოს. მათ საკუთარი თავები უნდა დაამარცხონ, იმ გუნდს უნდა აჯობონ, რომლებმაც გასულ სეზონში ჩემპიონობა იზეიმეს. მათ ისტორია დაწერეს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 8 სეზონის განმავლობაში, 2014-2022 წლებში თამაშობდა და გუნდი გასული სეზონის დასაწყისში დატოვა. სენეგალელი ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა, სადაც 1 სეზონი გაატარა, რამდენიმე დღის წინ კი საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ჰილალის“ წევრი გახდა.