ნერაძურიდან როსონერიმდე? - მილანი იკარდის შეძენას აქტიურად ცდილობს
„მილანი“ გუნდის გაძლიერებას გეგმავს. იტალიური მედიის ინფორმაციით, „როსონერი“ „პარი სენ ჟერმენთან“ აქტიურ კომუნიკაციაშია. 2021/2022 წლების ჩემპიონს მაურო იკარდის გადაბირება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
არგენტინელი თავდამსხმელი გასულ სეზონში, იჯარის წესით „გალათასარაიში“ თამაშობდა, სადაც თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, კვლავ საფრანგეთის დედაქალაქში დაბრუნდა, სადაც მისი არავის ეიმედება.
SportMediaset-ის ინფორმაციით, მაუროს სატრანსფერო ღირებულება 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც „მილანისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. ერთადერთი სირთულე იკარდის ხელფასია. მას პარიზში 7 მილიონ ევროს უხდიან. ეს კი „როსონერისთვის“ საკმაოდ ბევრია.
ასევე გასათვალისწინებელია თავად ფეხბურთელის სურვილი. მოგეხსენებათ, არგენტინელი „ინტერის“ კაპიტანი იყო და ის „ნერაძურიში“ ძალიან უყვართ. თუ იკარდი „მილანს“ შეუერთდება ეს დამოკიდებულება მის მიმართ იმ წამსვე გაქრება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „როსონერი“ სანდრო ტონალიმ დატოვა, რასაც „მილანის“ ქომაგების დიდი კრიტიკა მოყვა. ასევე, გუნდიდან პაოლო მალდინიც გაუშვეს და ახლა გუნდის ხელმძღვანელობა ისეთი ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს, რომელიც აღნიშნულ უსიამოვნებებს გადაფარავს.