მუაი ტაი | საქართველოს მე-5 მედალი ევროპულ თამაშებზე
პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მე-5 მედალი მოიპოვა.
მუაი ტაიში, -54 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მებრძოლი, ელენე ლოლაძე ნახევარფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ მარტინა კიერჩინსკას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 29:28 დამარცხდა.
პირველმა რაუნდმა ელენე ლოლაძის უპირატესობით ჩაიარა და ქართველმა მებრძოლმა 10:9 გაიმარჯვა. მეორე პერიოდში უპირატესობას პოლონელი ფლობდა და რაუნდის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა - 19:19, დასკვნით რაუნდში კი მსაჯებმა გამარჯვება კიერჩინსკას მიანიჭეს და საბოლოოდ, ფინალის საგზური მასპინძელს ერგო, ელენე ლოლაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. ელენე ლოლაძის გარდა, მედლები სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ზურაბ კინწურაშვილმა (ოქრო), ზაზა ნადირაძემ (ვერცხლი) და გოგიტა არქანიამ (ბრინჯაო) მოიპოვეს.