კაშია: „დარწმუნებული ვარ, ქართველი ტალანტები ევროპას დაიპყრობენ“
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ნიდერლანდურ გამოცემას, Voetbal International-ს ინტერვიუ მისცა. 35 წლის უკანახაზელმა ქართული ფეხბურთის პროგრესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ტალანტები ევროპას აუცილებლად დაიპყრობენ.
„საქართველოში ფეხბურთი ყოველთვის ყველაზე პოპულარული სპორტი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერმა ექსტრემალური სახე მიიღო. ქუჩებში მხოლოდ ფეხბურთს თამაშობენ და ხალხი ეროვნული ნაკრებით ამაყობს. ჩემი 10 წლის ქალიშვილს, რომელსაც ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა, ახლა მისი თამაში უნდა. საქართველოში ფეხბურთის ბუმია. ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი თაობა მოდის. შემიძლია, 5-6 მოთამაშე დაგისახელოთ, რომლებიც მალე ევროპის ტოპ ჩემპიონატებში გადავლენ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ტალანტები ევროპას დაიპყრობენ“.
კაშიამ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ტურნირს თვალს აქტიურად ადევნებს. გურამის თქმით, ნიდერლანდების ახალგაზრდულმა გუნდმა, რომელიც ბოლო ტურში საქართველოს დაუპირისპირდება, მეტოქე სათანადოდ უნდა დააფასოს, თორემ პრობლემები შეექმნება.
შეგახსენებთ, რომ 2 ტურის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს 4 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის დასაძლევად ნიდერლანდებთან ქულის აღებაც ჰყოფნის. საქართველოსა და ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 20:00-ზე გაიმართება.