ლაურენტისი ოსიმენის შემცვლელს შეუთანხმდა, თუმცა შესაძლოა ნიგერიელი დარჩეს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „ნაპოლი“ ირვინგ ლოსანოს შემცვლელად „სოსიედადის“ მარჯვენა გარემარბს, ტაკეფუსა კუბოს განიხილავს. 27 წლის მექსიკელს საუდის არაბეთში იწვევენ და შესაძლოა „პარტენოპეი“ დატოვოს. ასევე, ლოსანოსთან ერთად საუდის არაბეთში შესაძლოა „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სტანისლავ ლობოტკა აღმოჩნდეს.
Sportitalia-ს ცნობით, ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის შემცვლელთან, „უდინეზეს“ ფორვარდ ბეტოსთან შეთანხმებას მიაღწია. თუ ოსიმენთან დაკავშირებით „ნაპოლი“ 150-მილიონიან წინადადებას მიიღებს, ნიგერიელი „პარტენოპეის“ დაემშვიდობება. ამ საკითხზე „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და „უდინეზეს“ პრეზიდენტ ჯამპაოლო პოცოს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა.
მიუხედავად ამისა, შესაძლოა ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩეს, ლაურენტისსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა შედგება, ოსიმენის მომავალთან მიმართებაში მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება. თუ სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი „დიეგო მარადონაზე“ დარჩება, ბეტოს ტრანსფერის ალბათობა მცირეა.
ასევე, „ნაპოლი“ „ფენერბახჩეს“ გარემარბს, 23 წლის ფერდი კადიოგლუს უმიზნებს, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ კონკურენტი „ნიუკასლია“. გასულ სეზონში კადიოგლუ მეტწილად მარცხენა მცველის ან მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში 33-წლიანი პაუზის შემდეგ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, თუმცა ლაურენტისთან შეუთანხმებლობის გამო ლუჩანო სპალეტიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მას რუდი გარსია შეცვლის, რომელსაც ცხადია გუნდის ლიდერების გაშვება არ სურს, თუმცა ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება ძალიან რთული იქნება.