მან. სიტი, იოშკო გვარდიოლი
Aa
Aa

გვარდიოლი ეტიჰადზე? - შესაძლოა, მაგუაირის სატრანსფერო რეკორდი მოიხსნას

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, „მან. სიტი“ „ლაიფციგის“ ხორვატი მცველის, იოშკო გვარდიოლის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. „ქალაქელებმა“ გერმანულ კლუბს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო შესთავაზეს (პლუს ბონუსები).

ცნობილია ხორვატის პოზიცია, მას ევროპის საუკეთესო კლუბში თამაში სურს და პრემიერ ლიგის ჩემპიონს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. ახლა გადამწყვეტი „ლაიფციგის“ პასუხია სარფიან წინადადებაზე.

ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში იოშკო გვარდიოლი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდება. ამ მომენტისთვის სარეკორდო ჰარი მაგუაირის ტრანსფერია, „მან. იუნაიტედმა“ ინგლისელ მცველში „ლესტერს“ 87 მილიონი ევრო გადაუხადა.

იოშკო გვარდიოლი, რომელიც ზაგრების „დინამოს“ აღზრდილია, ცენტრალური მცველის გარდა მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. 2020 წელს „ლაიფციგმა“ გვარდიოლის ტრანსფერში 19 მილიონი ევრო გადაიხადა.

იოშკოს აგენტი ასევე ხორვატი მარიან შიშიჩია, რომელიც ხორვატი ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობს.

2022-23 წლების სეზონში იოშკო გვარდიოლმა ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის გათვალისწინებით საერთო ჯამში 41 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 3 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები