მექვაბიშვილი: “გადამწყვეტი გასახდელში საუბარი იყო“
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ, 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ სვანაძის გუნდმა 1 ქულის გადარჩენა შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა.
მექვაბიშვილი:
„პირველ ტაიმში მეტოქემ დაგვჩაგრა. გადამწყვეტი იყო გასახდელში საუბარი იმის შესახებ, რომ ხალხი ჩვენთვის მოვიდა და მათი იმედები უნდა გაგვემართლებინა. ამან გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, როგორი ჟინი ჰქონდათ ბიჭებს. ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ჩვენთვის ფრეც კარგი შედეგი იყო. მადლობა გულშემატკივრებს თანადგომისთვის.
ჩვენ წაგებას არცერთი ანგარიშის დროს ვეგუებით. ყველამ ნახეთ, რა ემოციები იყო. არ გვსურდა, ხალხი სტადიონიდან მოწყენილი წასულიყო“
ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები ცვლილებაზე გამოსულმა წიტაიშვილმა და გულიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ მატჩს, სვანაძის შეგირდები 27 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.
წყარო - 1TV