სვანაძე: “იყო განცდა, რომ მატჩს გადავარჩენდით“
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველო ბელგიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ, 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ სვანაძის გუნდმა 1 ქულის გადარჩენა შეძლო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა სვანაძემ?
„შეხვედრა ორ ნაწილად დავყოთ. პირველ შემთხვევაში დისციპლინით არ გამოვირჩეოდით, მაგრამ შემდეგ ის მენტალური მიდგომა გამოვავლინეთ, რომელიც გვსურდა. ემოციურად და სატურნირო თვალსაზრისით ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო.
ადვილი არაა, ორი თამაში ასეთ ჯგუფში წაუგებლად ითამაშო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ გულშემატკივარს, რომელიც არ გაჩერებულა.
რა ვუთხარი მოთამაშეებს გასახდელში? მწვრთნელი ვერაფერს შეცვლის, თუ გუნდში რწმენა არაა. ფეხბურთელებს შორის იყო განცდა, რომ მატჩს გადავარჩენდით. პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ არ გვქონდა უფლება, მოედანი წაგებით დაგვეტოვებინა“
ცნობისთვის, საქართველოს მხრიდან გოლები ცვლილებაზე გამოსულმა წიტაიშვილმა და გულიაშვილმა გაიტანეს. შემდეგ მატჩს, სვანაძის შეგირდები 27 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება 27 ივნისით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.