0:2-დან 2:2 - საქართველო არ გატყდა და ბელგიასთან თამაში შემოატრიალა
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მეორე ტურში საქართველო „დინამო არენაზე“ ბელგიასთან 0:2 მარცხდებოდა, თუმცა შესვენების შემდეგ ცვლილებაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა, გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა მენტალური სიძლიერე გამოავლინეს და ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად ქულა მოიპოვეს.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალია-ნიდერლანდების შეხვედრა 1:1 დასრულდა. საწყისი ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი 4 ქულით ჯგუფის ლიდერია, ბელგიისა და ნიდერლანდების ანგარიშზე 2-2 ქულაა, პორტუგალია 1 ქულით აუტსაიდერია. დასკვნით ტურში ქართველი ფეხბურთელები „დინამო არენაზე“ ნიდერლანდებს შეხვდებიან, პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრები 27 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.
მე-15 წუთზე ვრანკსის ჩაწოდების შემდეგ დე კუიპერმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მის წინააღმდეგ ზურიკო დავითაშვილს უნდა ეთამაშა, თუმცა მეტოქესთან ორთაბრძოლაშიც არ შესულა, მოქმედება დააგვიანა.
0:1-ზე ლუკა გაგნიძემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია. VAR-ის ყოფნის შემთხვევაში პენალტი გარდაუვალი იყო.
38-ე წუთზე დე კუიპერის ჩაწოდების შემდეგ „ალმერიას“ ფორვარდმა ლარჯი რამაზანმა თავით შეაგდო, ლუკა გაგნიძემ და საბა საზონოვმა ხელი სრულიად არ შეუშალეს.
პირველი ტაიმის შემდეგ რამაზ სვანაძემ სამი ცვლილება განახორციელა, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, ლუკა გაგნიძე მოედნიდან გაიყვანა, თამაშში გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და ნიკა გაგნიძე ჩაერთვნენ.
52-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში დაარტყა და გაიტანა.
სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას რამაზ სვანაძემ 1 შეცდომა ნამდვილად დაუშვა, გიორგი წიტაიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და საუკეთესო იყო.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, დავითაშვილის კარგი თამაშის შემდეგ ირაკლი აზაროვს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აუღო. ამ ეპიზოდში დავითაშვილმა კარგად იმოქმედა, თუმცა პირველ ტაიმში შესაძლებლობები მინიმალურ დონეზეც ვერ გამოავლინა, ძალიან პასიური იყო. შესვენების შემდეგ შედარებით უკეთესად ითამაშა.
71-ე წუთზე რამაზ სვანაძემ იძულებითი ცვლილება განახორციელა, ოპენდასთან ორთაბრძოლისას ნიკა გაგნიძე დაშავდა, მინვდრიდან საკაცით გაიყვანეს. ნიკა გაგნიძის ნაცვლად თამაშში ამპლუით შემტევი გიორგი გულიაშვილი ჩაერთო.
81-ე წუთზე წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის მცველს აჯობა და გულიაშვილის მისამართით გადაცემა შეასრულა, თუმცა გულიაშვილს მეკარემ დაასწრო. ოდნავ უფრო სწრაფად მოქმედების შემთხვევაში რეალური საგოლე მომენტი შეიქმნებოდა.
87-ე წუთზე ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ გიორგი გულიაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 2:2.
საქართველო: მამარდაშვილი, ხვადაგიანი (გოჩოლეიშვილი 48), კალანდაძე, გელაშვილი (ლომინაძე 81), საზონოვი, დავითაშვილი, მექვაბიშვილი (კ), ლუკა გაგნიძე (ნიკა გაგნიძე 47, გულიაშვილი 71), აზაროვი, გაგუა, მოისწრაფიშვილი (წიტაიშვილი 47)
ბელგია: ვანდევორდტი, დე კეიპერი, დე ვინტერი, დებასტი (ალ დახილი 79), სიკე (ვან დერ ბრემპტი 81), შარლ დე კეტელარე (კ), კეიტა, ვრანკსი, ბალიკვიშა (დემანი 79), ოპენდა, რამაზანი (რასკინი 71)
მატჩის გამორჩეული მომენტები