უოკერი აღარ სჭირდებათ - სიტის ჰაკიმი მოუნდა
ნათელია, რომ პეპ გუარდიოლა კაილ უოკერს არ ენდობა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA იუწყება, რომ „მანჩესტერ სიტის“ აშრაფ ჰაკიმის გადაბირება სურს. პეპ გუარდიოლას მაროკოელი უკანახაზელი კაილის შემცვლელად სურს.
უოკერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ინტერის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ამ ფაქტმა ინგლისელი ფეხბურთელი გააბრაზა. რეალურად, „ქალაქელებს“ მისი გაყიდვა სურთ, მაგრამ თავად უოკერს „სიტიში“ სურს დარჩენა.
33 წლის მარჯვენა მცველის შეძენით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება, სადაც გასულ სეზონში მანჩესტერული კლუბის კიდევ ერთი მარჯვენა მცველი ჟოაუ კანსელუ თამაშობდა, თუმცა „რეკორდმაისტერმა“ მისი გამოსყიდვა არ ისურვა.
ჰაკიმის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და „სიტის“ მისი ყიდვა საკმაოდ გაუჭირდება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აშრაფს საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება ძალიან მოსწონს.
მიუხედავად ამისა, პეპ გუარდიოლას გუნდი „პარი სენ ჟერმენთან“ მოლაპარაკების დაწყებას მაინც აპირებს. Goal.Com-ის ინფორმაციით, „სიტი“ ჰაკიმის სანაცვლოდ, როგორც მინიმუმ 80 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.