არველაძე უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს | შოთი ზინჩენკოს გუნდშია
5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ უკრაინის მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. Game4Ukraine-ს საქველმოქმედო ხასიათი ექნება და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება.
გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან. ახლახან, ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას და მათ შორის შოთა არველაძეცაა.
არველაძე ზინჩენკოს გუნდში (ყვითელი გუნდი) იქნება. შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გახლავთ, ხოლო მისი თანაგუნდელები იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პერ მერტესაკერი, ვეს მორგანი, ხერარდ პიკე, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ბერგერი, ედგარ დავიდსი, რობერ პირესი, პატრიკ ვიეირა, ჯეკ უილშირი და რობი კინი არიან.
შევჩენკოს გუნდის (ლურჯი გუნდი) თავკაცი ემა ჰეისია, შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ: კარლო კუდიჩინი, დიდა, ფაბიო კანავარო, რიკარდუ კარვალიუ, ვილიამ გალასი, მასიმო ოდო, მაიკლ ესიენ, კლოდ მაკელელე, კლარენს ზეედორფი, სამუელ ეტოო, ლუკა ტონი, მიხაილო მუდრიკი, ჯანფრანკო ძოლა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მაისიდან გახდა შესაძლებელი და მათი ფასი 15-დან 50 გირვანქა სტერლინგამდეა. შეხვედრის მონაწილე გუნდების მაისურები უკრაინის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი. ერთი გუნდი ლურჯი ფორმით გავა მოედანზე, მეორე - ყვითლით.