„საქართველო ჯგუფის ბოლოში გავუშვათ“ - ბელგიელთა მწვრთნელი გამარჯვებას გეგმავს
ბელგიის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ოლივიე დეშახტმა ბელგიურ მედიასთან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. 42 წლის სპეციალისტის კომენტარს Walfoot-ი ავრცელებს.
ოლივიე დეშახტი:„ხუთშაბათი დღე მეტოქის თამაშის ანალიზს მიეძღვნა... რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ საქართველო საუკეთესო გუნდი არ ყოფილა მოედანზე, მაგრამ ორჯერ გაიტანა. ჩვენ შანსები უნდა შევქმნათ, ეს ყოველთვის ჩვენი ამოცანაა, კრეატიულად უნდა ვითამაშოთ... მაგრამ ამავე დროს საქართველო ჯგუფის ბოლოში გავუშვათ“.
დეშახტი, რომელსაც ბელგიის 21-წლამდე და ეროვნულ გუნდში უთამაშია, ტურნირის მნიშვნელობასა და გუნდის პროგრესზე საუბრობს.
„ასეთი დონის ტურნირში მონაწილეობა შესანიშნავია. როცა ბელგიის ნაკრებში ვთამაშობდი, ნაკლებად კარგი პერიოდი გვქონდა. ახლა მოედანზე არ ვარ, თუმცა შემიძლია ვიგრძნო. ბიჭებს დიდი ენერგია აქვთ, პიროვნულ თვისებებს ავლენენ და არ ყოყმანობენ, რომ სამწვრთნელო შტაბთან კონსტრუქციულად ისაუბრონ. გუნდმა პროგრესი აჩვენა და ამით მწვრთნელები ძალიან ვამაყობთ“.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი პორტუგალიასთან გამართა, რამაზ სვანაძის გუნდმა გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამავე ჯგუფის პირველ ტურში ბელგია-ნიდერლანდების შეხვედრა 0:0 დასრულდა.
მეორე ტურში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „დინამო არენაზე“ ბელგიას შეხვდება, მატჩი 24 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩის პარალელურად პორტუგალია „მიხეილ მესხზე“ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.