რეალმა მბაპეს ტრანსფერი შეათანხმა? - PSG Community 200-მილიონიან გარიგებაზე
PSG Community-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. სატრანსფერო თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს, პლუს 50 მილიონი ევრო ბონუსების სახით. საბონუსე თანხის მიღება დამოკიდებულია ფეხბურთელის ჩატარებულ მატჩებსა და ოქროს ბურთის მოგებაზე.
პსჟ-ს მფლობელი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი მოლაპარაკებას ფლორენტინო პერესთან აწარმოებდა, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით ესპანური COPE-ს ჟურნალისტმა პედრო მორატამ დაწერა, რომ შეთანხმება მიღწეული არაა, „რეალს“ 200 მილიონის გადახდა არ სურს.
შეგახსენებთ, გასული სეზონის შემდეგ მბაპემ პსჟ-ს ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებდა. მოგვიანებით, ფეხბურთელმა წერილის გაგზავნის ფაქტი და კლუბიდან წასვლის სურვილი უარყო, თუმცა მეტწილად ამ სახის ინფორმაციას ფეხბურთელები არ ასაჯაროვებენ და მბაპეს მიერ გაკეთებული კომენტარი მოსალოდნელი იყო.
ცნობილმა ფრანგულმა გაზეთმა, L’Equipe-მა მიმდინარე კვირაში დაწერა, რომ პარიზული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო მესიმ კლუბიდან წასვლამდე მბაპეს „რეალში“ გადასვლა ურჩია.
„მირჩევნია „ბარსელონაში“ წახვიდე, მაგრამ თუ მადრიდის „რეალში“ წასვლა გინდა, ეს აუცილებლად გააკეთე, რადგან ნამდვილად უკეთეს პროექტს იმსახურებ. შენ გამარჯვებული ხარ და მხოლოდ გამარჯვებულ კლუბში უნდა იყო“, - ციტირებს მესის სიტყვებს ფრანგული გაზეთი.
24 წლის მბაპეს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია და გასული სეზონის ლიგა 1-ში 34 მატჩში 29 გოლი შეაგდო, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.