„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე
პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ნუნუ ტავარეშმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. „არსენალის“ უკანახაზელმა გიორგი გაგუას გოლის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება და ვიდეორეფერის არყოფნით უკმაყოფილება გამოხატა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ვიდეორეფერი იყო თუ არა. პირველი გოლის მომენტში, მსაჯს ვკითხე, VAR გვქონდა თუ არა, მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. მას შემდეგ, რაც მთავარმა არბიტრმა მოედნის ცენტრალური ნაწილისკენ დაიწყო სვლა, მივხვდი, რომ ვიდეორეფერი არ იყო. მსაჯთან საუბარი ვცადეთ, მაგრამ არაფრის შანსი არ მოგვცა.
პირადად მე, ვთვლი, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელებს ერთად კრავს, VAR-ის არქონა გაუგებარია. ვიდეორეფერის არსებობის შემთხვევაში, მასზე ვიქნებოდით დამოკიდებული და მსაჯი გადაამოწმებდა ან არ გადაამოწმებდა ტომაშ არაუხოზე კონტაქტი იყო თუ არა. VAR-ის გარეშე უფრო ფრთხილად და მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2:0 იმარჯვა და მეორე გოლი საბა საზონოვმა გაიტანა. პორტუგალიის გარდა, ჩვენს ჯგუფში ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებები არიან, რომლებმაც პირველ ტურში ფრედ, 0:0 ითამაშეს.