გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გაგუა, საბა საზონოვი
Aa
Aa

„განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ“ - Gazzetta საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport-ი პორტუგალიისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩს გამოეხმაურა. ჩვენებმა 2:0 იმარჯვეს და Gazzetta-მ რამაზ სვანაძის გუნდი შეაქო.

„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო ევროპის საფეხბურთო რუკაზე დააბრუნა, რომელზეც კვარას სამშობლოს ადგილი კახა კალაძის დღეების შემდეგ ჰქონდა დაკარგული. ნაპოლის ჩემპიონმა და სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა აჩვენა, რომ კარგი სკაუტინგი საშუალებას გაძლევს, მარგალიტები სატრანსფერო ბაზრის მიერ მივიწყებულ ადგილებშიც აღმოაჩინო.

ხვიჩას სამშობლოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ტარდება და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, რომელიც კვარას გარეშე ასპარეზობს, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია 2:0 დაამარცხა. საქართველო რთულ ჯგუფში, პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ერთადაა და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ხვიჩასაც რომ ეთამაშა.

საქართველოს მეორე გოლი საბა საზონოვის ანგარიშზეა. იგი რუსეთში დაიბადა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და მატჩის შემდეგ, გამარჯვება კრიშტიანუ რონალდუს საფირმო SIUUU-თი აღნიშნა. გოლზე მნიშვნელოვანი ცენტრალურ დაცვაში მისი როლია და საზონოვმა ვულვზის თავდამსხმელს, პედრუ ნეტოს შანსი არ დაუტოვა. როგორც ჩანს, საზონოვი გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში გადასასვლელად მზადაა და მის გარდა, დაცვაში მაღალი დონე მთელმა ნაკრებმა აჩვენა. კომპაქტურობა და კოლაბორაცია ამ გუნდის მთავარი მახასიათებლებია, რასაც წარსულისგან რადიკალურად განსხვავებული მენტალიტეტი ემატება. ვინ იცის, შესაძლოა, კვარას ბრწყინვალე სვლამ თავდაჯერებულობა მთლიანად ქართულ ფეხბურთს შესძინა...

საქართველოს პირველი გოლი გიორგი გაგუას ანგარიშზეა. ის 193 სანტიმეტრი სიმაღლის ფორვარდია, რომელიც ესპანეთში ახალგაზრდულ ასაკში გადავიდა და დინამო თბილისის აკადემიის ერთ-ერთი წარმომადგენელია. აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკოა. მას კატალონიური მეთოდოლოგია აქვს და გაბრიელე გერვასის წყალობით, იტალიური სტილიც შეინიშნება.

გაგუასგან განსხვავებით, ორი ასისტის ავტორი გიორგი წიტაიშვილი დინამო თბილისის აღზრდილი არაა და საინტერესო ისტორია აქვს. ის ისრაელში დაიბადა, ქართველი მშობლები ჰყავს, უკრაინაში გაიზარდა და პოლონეთში თამაშობს, სადაც კიევის დინამოდან პოზნანის ლეხშია განათხოვრებული. უკრაინასთან ერთად, მან 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ფინალში გოლი გაიტანა. შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია და ეროვნულ გუნდში უკვე 14 მატჩი აქვს გამართული, თუმცა 21-წლამდე ნაკრებშიც ასპარეზობს. გოჩოლეიშვილი და დავითაშვილი, რომლებმაც შოტლანდიასთან ითამაშეს, ცვლილებაზე შევიდნენ. ესაა ქართული ფეხბურთის ცხოვრება კვარაცხელიას იქით“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებების მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და 1 ტურის შემდეგ, საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკეთეს პროექტს იმსახურებ“ - მესიმ მბაპეს რეალში გადასვლა ურჩია
„უკეთეს პროექტს იმსახურებ“ - მესიმ მბაპეს რეალში გადასვლა ურჩია