U21: საქართველო VS ბელგია | ფაქტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ტურნირის სამგზის ფინალისტ პორტუგალიასთან გამართა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
„დინამო არენაზე“ ჩატარებულ მატჩში, რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლები გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა გაიტანეს.
ახალგაზრდა ფეხბურთელები ახლა ისვენებენ და მალე მეორე ტურის მატჩისთვის დაიწყებენ მომზადებას, რომელიც ჩვენმა გუნდმა 24 ივნისს, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ უნდა გამართოს.
შეხვედრამდე ორი დღით ადრე, უეფამ გუნდების შესახებ საინტერესო ფაქტები გაავრცელა.
საქართველოს ნაკრები:
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ეს საქართველოსთვის სადებიუტო გამოსვლაა. 1994 წლიდან, როდესაც ამ ასაკობრივ გუნდებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაარსდა, საქართველო 32-ე გუნდია, რომელიც ევროპირველობაზე იღებს მონაწილეობას. ამასთან, ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი 2023 წლის გათამაშებაში ერთადერთი დებიუტანტი გუნდია.
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთო ჯამში 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა შესარჩევ ეტაპზე და ყველა კამპანია საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. მათთვის, ყველაზე წარმატებული კამპანია 1998 წლით თარიღდება, როდესაც შესარჩევ ციკლში 8 მატჩიდან 3 მოიგეს, 2-ჯერ წააგეს და 3-ჯერ ფრედ ითამაშეს. მაშინ, თავის ქვე-ჯგუფში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა და მხოლოდ ინგლისს ჩამორჩა, თუმცა იტალიის, მოლდოვისა და პოლონეთის ნაკრებებს გაასწრო.
2021 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს U21 ნაკრებმა მე-2 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა საფრანგეთისა და შვეიცარიის შემდეგ. მაშინ, ქართველებმა 10-დან 5 მატჩი მოიგეს, 5-ში კი დამარცხდნენ.
ამ ასაკში, მათთვის ეს პირველი დიდი ტურნირია, თუმცა, 2013 წელს, U19 ევროპის ჩემპიონატზე ისინი ფინალურ სტადიაზე კვალიფიცირდნენ, 2017 წელს კი ტურნირზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მოხვდნენ. ასევე, მათ 2012 წელს, U17 ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში შეძლეს გასვლა.
ბელგია:
ბელგიისთვის, ეს ტურნირი ისტორიაში მე-4 ევროპის ჩემპიონატია, ბოლოს კი 2019 წელს იასპარეზეს და ჯგუფში სამივე თამაში წააგეს. A ჯგუფში, მათ ესპანეთის, იტალიისა და პოლონეთის წინააღმდეგ 4 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი 8 გოლი მიიღეს.
2002 წელს, ბელგიამ U21 ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა და იქაც ყველა შეხვედრა წააგო, საუკეთესო შედეგი კი 2007 წელს ჰქონდა, როდესაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც სერბეთთან დამარცხდა.
ევრო 2023-ის შესარჩევი ციკლი ბელგიამ დაუმარცხებლად გაიარა და ჯგუფი პირველ ადგილზე 20 ქულით დაასრულა. მათ 8 მატჩიდან 6 მოიგეს, 2 კი ფრედ ითამაშეს, 14 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.
14 ნაკრებიდან ბელგია იყო პირველი გუნდი, რომელმაც კვალიფიკაციიდან ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ეს 2022 წლის 29 მარტს, დანიის ნაკრებთან ნათამაშები ფრის წყალობით (1:1) მოხდა.
საკვალიფიკაციოზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 7 გოლით ლუის ოპენდა იყო, ბომბარდირთა საერთო ჩათვლაში კი მეორე ადგილზე გავიდა. შესარჩევში მან ყველა გუნდის წინააღმდეგ გაიტანა და ამასთან, U21 დონეზე საკუთარი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირიცაა. ოპენდას ანგარიშზე 13 გოლია და ყოფილ ბომბარდირ კევინ ვან დენ ბერგს 1 გოლით უსწრებს.
საგულისხმოა, რომ U21 დონეზე, საქართველოსა და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ არც საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშიათ. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „დინამო“ არენაზე 24 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.