„სათამაშოდ ძალიან რთული პირობები იყო“ - კაშია მატჩის შემდეგ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა დათმო. ვილი სანიოლის გუნდი გლაგზოში, ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა.
მასპინძლები მე-6 წუთზე, კალუმ მაკგრეგორის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩი ძლიერი წვიმის და მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შეწყდა. შეხვედრა საათნახევრიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შოტლანდიის ნაკრების რიგებში მეორე გოლი სკოტ მაკტომინეიმ, მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე გაიტანა. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას 11-მეტრიანი არაზუსტი აღმოჩნდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ განვლილი მატჩი შეაფასა. კაშიას კომენტარს სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
რას ამბობს კაშია:
დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.
ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ამდენივე ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ჩვენი გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს, მე-4 ადგილზე 3 ქულით ესპანეთის ნაკრები იმყოფება, მე-5 პოზიციაზე 0 ქულით თემურ ქეცბაიას კვიპროსია, ჯგუფს კი 12 ქულით შოტლანდია ლიდერობს, რომელსაც 4-დან 4 მოგება აქვს.
ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, 12 სექტემბერს კი ქართველი ფეხბურთელები ნორვეგიის ნაკრებს ესტუმრებიან.