გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„თანამედროვე თავდამსხმელია“ - Corriere dello Sport-ის სტატია მიქაუტაძეზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა „მეცისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა. Corriere dello Sport-მა საკუთარ მკითხველს გიორგი ახლოდან გააცნო და მის საფეხბურთო პროფილზე ისაუბრა.

„რა არის სერია A-ს ყველა კლუბის ოცნება? ხვიჩა კვარაცხელიასნაირი ნიჭიერი ფეხბურთელის აღმოჩენა და ნაპოლის მსგავსი ფინანსური და სპორტული შედევრის გამეორება. პარტენოპეიმ კვარას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა და სკუდეტოს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე დადგმული შოუს შემდეგ, კლუბში თვლიან, რომ იგი შეუფასებელია.

ქვეყანა, რომელიც ერთი წლის წინ სატრანსფერო ბაზარზე აბსოლუტურად მივიწყებული იყო, დიდი გუნდების ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველომ, რომელიც რუმინეთთან ერთად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, კვარას სახით ფანტასტიკური ელჩი იპოვა. ხვიჩას გარდა, არის ერთი ფეხბურთელი, რომლის სახელსაც სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ხშირად გაიგონებთ. გიორგი მიქაუტაძე მეცის 22 წლის ფორვარდია და 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის 2000 წელს, ლიონში დაიბადა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა და კვარაცხელიას ნაკრებში თავიც დაიმკვიდრა.

მას მილანი აკვირდება, იუვენტუსს დაუკავშირეს და პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებული ბარნლისგან წინადადებაც მიიღო. მიქაუტაძე მემარჯვენეა, სწრაფია, ძლიერია და ჩემპიონატი 8 ასისტით დაასრულა. მას კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და თანამედროვე თავდამსხმელია. სიმაღლეში 176 სანტიმეტრია, მეტოქის საჯარიმოში ჭკვიანურად მოქმედებს, ტექნიკურია და მოქნილი. მან თამაში გერლანდში დაიწყო, შემდეგ კი ლიონის აკადემიაში გადავიდა. 2016 წელს, იგი მეცს შეუერთდა. მიქაუტაძეს ბელგიაშიც უთამაშია და სერენში იყო განათხოვრებული, სადაც 2020-21 წლების სეზონში 19 გოლი გაიტანა. მას ორი განსაკუთრებული ფანი ჰყავს: მისი მშობლები, ნათია და ლაშა. მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა და ფრანგული გამოცემები ჟან-პიერ პაპენს ადარებენ“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიგა 2-ის გასულ სეზონში, „მეცის“ შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები
„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები