„ქართველებს თამაშის გადადება უნდოდათ“ - რობერტსონის და მაკგრეგორის კომენტარები
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის სტარტმა მთელი ევროპის მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მატჩის სტარტზე მასპინძლები მაკგრეგორის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც, ძლიერი წვიმის შედეგად მოედანზე შექმნილი რთული მდგომარეობის გამო მთავარმა მსაჯმა თამაში საათნახევრით შეწყვიტა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ორივე გუნდის წარმომადგენლები შეხვედრის დაწყებამდე ითხოვდა მატჩის გადადებას, თუმცა ორგანიზატორებმა მხარეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
საბოლოოდ, შოტლანდიელებმა 2:0 მოიგეს და A ჯგუფში იდეალური მდგომარეობა შეიქმნეს. სკოტები სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე კვიპროსს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშს გაინაღდებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელებმა ენდრიუ რობერტსონმა და კალუმ მაკგრეგორმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
ენდრიუ რობერტსონი:
ვერ დავმალავ, ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და ამან ჯგუფში კონკურენტებთან დიდი სხვაობა მოგვცა. 4 თამაშში მაქსიმუმი, 12 ქულა ავიღეთ და უკეთეს სტარტს ვერც ვინატრებდით. ახლა კამპანიის შუა ფაზაში ვართ, ჯგუფს ვლიდერობთ და უახლოეს ორ კონკურენტს 8 ქულით ვუსწრებთ. 4 თამაში დაგვრჩა და ვეცდებით, აქედანაც მაქსიმუმი ავიღოთ. ტემპი არ უნდა დავაგდოთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაცია შეგვიძლია. სექტემბერში დავბრუნდებით, თუმცა სახლისგან შორს ვიქნებით. მაგრამ მჯერა, რომ ამჯერადაც დადებით შედეგებს დავაფიქსირებთ.
რაც შეეხება მოედნის მდგომარეობას და შეხვედრის სტარტს, ამით მართლა იმედგაცრუებულები ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო სტადიონის პერსონალს და იმ ბიჭებს, რომლებმაც ამ თამაშის გასაგრძელებლად ყველაფერი გააკეთეს, ასევე, გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდში გვედგნენ. მოედანზე რამდენჯერმე გამოვედით, რადგან თამაშის გაგრძელება გვინდოდა. არ გვსურდა, რომ მატჩი მეორე დღეს გამართულიყო, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ეს იდეალური არ იქნებოდა. საქართველო ერთ მომენტში უარს ამბობდა გამოსვლაზე, თუმცა შემდეგ მოედანი სათამაშო კონდიციებში მოიყვანეს და საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
კალუმ მაკგრეგორი:
მატჩის შეწყვეტა? ეს ცოტა უცნაური იყო. არ მგონია, აქამდე ვინმეს მსგავსი რამ გამოეცადა. რთული ღამე იყო, თამაში კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და შემდეგ მატჩი შეჩერდა. ამის გამო რთული იყო თამაშზე იგივე შემართებით კონცენტრირება, თუმცა ეს შევძელით. ყველანაირად ვცდილობდით მოედანზე სათამაშო კონდიციების აღდგენას და თამაშის გაგრძელებას. ფეხბურთელები მუდამ ინფორმაციის ეპიცენტრში ვიყავით და როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ კონდიციებს ვინარჩუნებდით და მზად ვიყავით სათამაშოდ. საერთო ჯამში პოზიტიური ღამე გამოვიდა, ჩემი გოლით კი ბედნიერი ვარ, რადგან გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ამდენივე ქულა აქვს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ჩვენი გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს, მე-4 ადგილზე 3 ქულით ესპანეთის ნაკრები იმყოფება, მე-5 პოზიციაზე 0 ქულით თემურ ქეცბაიას კვიპროსია, ჯგუფს კი 12 ქულით შოტლანდია ლიდერობს, რომელსაც 4-დან 4 მოგება აქვს.
ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს, 12 სექტემბერს კი ქართველი ფეხბურთელები ნორვეგიის ნაკრებს ესტუმრებიან.