„მატჩის დაწყება ცუდი გადაწყვეტილება იყო“ - რას წერს Mirror-ი შოტლანდია VS საქართველოზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა დათმო. ვილი სანიოლის გუნდი გლაგზოში, ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან 0:2 დამარცხდა. მასპინძლები მე-6 წუთზე, კალუმ მაკგრეგორის გოლით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც მატჩი ძლიერი წვიმისა და მოედნის საფარის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შეწყდა. ამ ფაქტს ბრიტანულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საქართველოსა და შოტლანდიის დაპირისპირებაზე ცნობილმა გამოცემამ, Mirror-მაც დაწერა.
„შოტლანდიისა და საქართველოს მატჩი ფარსში გადაიზარდა. კალუმ მაკგრეგორმა მასპინძლები მე-6 წუთზე დააწინაურა, მე-8 წუთზე კი, წყლით გაჟღენთილი მოედნის საფარის გამო, მატჩი შეწყდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, იშტვან ვადმა გაზონი 4-ჯერ შეამოწმა და ერთ მომენტში, მაყურებლებს აუწყეს, რომ მატჩი ადგილობრივი დროით 10-ის 15 წუთზე განახლდებოდა. სტივ კლარკის ბიჭები მოედანზე გავიდნენ, მაგრამ ვილი სანიოლის გუნდი გასახდელში დარჩა და მატჩის განახლებაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, მეკარის საჯარიმო საშინელ მდგომარეობაში იყო და ბურთი ნორმალურად არ დახტუნავდა.
გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში შეხვდებოდით საინტერესო სცენას და ნახავდით სკოტ მაკტომინეი ქართველ ფეხბურთელებს როგორ არწმუნებდა, რომ თამაში შეიძლებოდა, მაგრამ სტუმრები დაჟინებით აცხადებდნენ, რომ მოედანზე გასასვლელად მზად არ იყვნენ. უეფას წარმომადგენლებთან და თავიანთი ასოციაციის პრეზიდენტთან საუბრისა და მსაჯის მიერ ჩატარებული მორიგი ინსპექციის შემდეგ, თამაში განახლდა. ქართველებმა მეტოქეს პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი არ მისცეს, თუმცა, მეორე ნახევარში სკოტ მაკტომინეიმ თავი მაინც გამოიჩინა.
მატჩი საშინელ პირობებში დაიწყო. ბურთი ნორმალურად არ მოძრაობდა და წყლით გაჟღენთილი გაზონის გამო, მას ორივე გუნდი მარტივად კარგავდა. შეხვედრაზე მომუშავე ოფიციალურმა პირებმა ჩათვალეს, რომ მატჩის დაწყება უსაფრთხო იყო, მაგრამ ეს ცუდი გადაწყვეტილება გახლდათ. ჰემპდენ პარკზე არსებულმა პირობებმა თამაშში შემთხვევითობის ელემენტი შეიტანა და პასების გაკეთება და დრიბლინგის განხორციელება შეუძლებელი გახადა. ერთი ძლიერი დარტყმისას ბურთი წყლის გუბეში აღმოჩნდა და კარის ხაზის წინ გაჩერდა. შოტლანდიის გოლის შემდეგ, მატჩი 90 წუთით შეწყდა და საბოლოოდ, სკოტებმა 2:0 მოიგეს, რის წყალობითაც, ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. საქართველო მსაჯის ბრძანებას რომ არ დამორჩილებოდა და სათამაშოდ არ გასულიყო, ტექნიკური წაგება და ევროპის ჩემპიონატიდან სავარაუდო დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა“, - წერს Mirror-ი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 3 თამაში გამართა და 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. შოტლანდიას 12 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.