სანიოლი: „მესმის ეს რთულია, მაგრამ ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს“
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში, A ჯგუფში შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა „ჰემპდენ პარკზე“ საქართველო 2:0 დაამარცხა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა, ამჯერად ქულები ნორვეგიასთან ოსლოში დაკარგა (3:1).
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:
„ასეთ ვითარებაში ყოფნა არავის სურდა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნებოდა გარკვეული გამოხმაურება, თუმცა ვერ ვხვდებით თამაში საერთოდ რატომ დაიწყო. რამდენიმე წამში გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლებელი იყო. მსაჯმა შეხვედრა გოლის შემდეგ შეაჩერა და ამის გამო წნეხის ქვეშ მოიქცია თავი. შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელთან ჯერ კიდევ გოლამდე შევთანხმდით, რომ ასეთ მოედანზე თამაში რთული იქნებოდა.
თამაში განვაახლეთ და ერთადერთი რამ, რაზეც გული მწყდება, კომუნიკაციის ნაკლებობაა. არანაირი ახსნა არ მიმიღია, მხოლოდ ლოდინი მოგვიწია. ერთადერთი რამ, რასაც ვითხოვდით, კომუნიკაცია იყო, რადგან ფეხბურთელებისთვის უნდა აგვეხსნა, თუ რა ხდებოდა. მოთამაშეები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რამდენჯერმე მოუწიათ მოედანზე გასვლა და გასახდელში დაბრუნება. ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს და ეს ბევრ რამეს გამოასწორებს. ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. როგორც მთავარ მწვრთნელს, ხშირად მიწევს ამის გაკეთება. ეს ჩემი ყოველდღიური საქმეა, ისევე როგორც მატჩის ორგანიზატორების.
შოტლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ჯერ კიდევ მესამე წუთზე ვუთხარით მეოთხე მსაჯს, რომ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. პასუხად მივიღეთ, რომ დელეგატის გადაწყვეტილების გარეშე, თამაშის შეჩერება შეუძლებელია. თუმცა, რამდენიმე წუთში მთავარმა მსაჯმა თამაში შეაჩერა. ბევრი რამ გაუგებარი იყო და იგრძნობოდა კომუნიკაციის პრობლემა. თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტებია, რასაც არაფერი აქვს საერთო თამაშის სურათთან, რადგან მდგომარეობა ორივე გუნდისთვის თანაბარი იყო.
არავინ იცის, რა მოხდებოდა თამაში პირველ გოლამდე რომ შეჩერებულიყო, მაგრამ მსაჯს საკუთარი საქმე დროულად რომ შეესრულებინა, უფრო ჯანსაღ ატმოსფეროს მივიღებდით. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მსაჯმა და დელეგატმა კაპიტნებს აზრი ჰკითხეს, თუმცა ის არ გაუთვალისწინებიათ. ფეხბურთელები თავს კარგად არ გრძნობდნენ. მხოლოდ ის ვიგრძენით, რომ მათი მითითებები უნდა შეგვესრულებინა. მოთამაშეები ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებიან და არა მსგავსი სიტუაციებისთვის. ასეთ დროს ტრავმის მიღების ალბათობა დიდია, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა".
მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველად დამარცხდა, სტივ კლარკის გუნდმა კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 12 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. A ჯგუფში შოტლანდია 12 ქულით პირველ ადგილზეა, საქართველოსა და ნორვეგიის ანგარიშზე 4-4 ქულაა, ესპანეთის აქტივში 3 ქულაა, ხოლო კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში სამი მატჩი ჩაატარა, ნორვეგიასთან ბათუმში ფრედ ითამაშა (1:1), სტუმრად კვიპროსი დაამარცხა (1:2), შოტლანდიასთან კი მძიმე მატჩში დამარცხდა (2:0).