ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი, რუი ჟორჟე, ტიაგუ დანტაში
Aa
Aa

„მისი არყოფნა ხელს ძალიან შეგვიწყობს“ - რუი ჟორჟე ხვიჩაზე

ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები პირველ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან გამართავს. მატჩამდე პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა.

რუი ჟორჟე:  „რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის ძალიან ხელშემწყობი იქნება ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ ითამაშებს. მისი სახით, ქართველებს დიდი ძალა დააკლდებათ. თუმცა მეც არ მყავს რამდენიმე მოთამაშე და რა თქმა უნდა, მერჩივნა მათ ჩემს გუნდში ეთამაშათ.

ფაბიუ ვიეირა ძალიან გვაკლია. ძალიან დიდი მადლობა მას, რომ შესარჩევში დაგვეხმარა. ასევე მადლობა მთელს გუნდს, თუმცა ჯობია ტრავმებზე აღარ ვილაპარაკოთ. იმედი მაქვს ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენს განკარგულებაში არიან, ძალიან დაგვეხმარებიან.

მადლობა საქართველოს კარგი დახვედრისთვის. მათ ნაკრებს ვიცნობ და ვიცით, რომ ეროვნული ნაკრებიდან ეხმარებიან გუნდს. ხვალინდელი თამაში ნამდვილად არ იქნება იოლი. 0:0 ცუდი შედეგი არ იქნება. ჩვენ სხვადასხვა გუნდები ვართ. ჩემი აზრით, ქართველები ფიზიკაში გვჯობნიან, ჩვენ კი ტექნიკაში“

პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა ტიაგუ დანტაშმა, რომელიც ლისაბონის „ბენფიკას“ ფეხბურთელია, საქართველოსთან მატჩამდე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი მატჩი მოვიგოთ. მართალია საქართველო სახლში თამაშობს, თუმცა ჩვენ ჩვენი თამაშის ხარისხის იმედი გვაქვს. ბოლოს, როდესაც საქართველოს დავუპირისპირდით, 4:1 მოვიგეთ, თუმცა ის თამაში საერთოდ არ იყო მარტივი. მაშინ ქართველები ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულნი და დარწმუნებული ვარ, არც ხვალინდელი თამაში იქნება მარტივი“

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები პირველ მატჩს საქართველოსთან ჩაატარებს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია TV Imedi-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები