„ასტანა გამოცდილი გუნდია“ - ჭიაბრიშვილი და სხირტლაძე წილისყრის შედეგებზე
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასეს. თბილისური კლუბი ყაზახეთის ჩემპიონს, „ასტანას“ დაუპირისპირდება და „დინამოში" საინტერესო დუელს ელოდებიან.
რა თქვა ჭიაბრიშვილმა
„წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვიქნები იმ შემთხვევაში თუ ამ ეტაპს დავძლევთ. მეტოქის დეტალურად გაცნობამდე, პირველი შეხედვით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისტორიულად კარგი გუნდია, რომელიც ყაზახეთის ჩემპიონი გახდა და ახლაც პირველ ადგილზე იმყოფება. ასტანას ეროვნული ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ჰყავს და გამოცდილი გუნდია. შემადგენლობის გაძლიერებას რაც შეეხება, რამდენიმე პოზიციაზე ვმუშაობთ და იმედია, ამ დაპირისპირებამდე გარიგებების დახურვას მოვასწრებთ“.
რა თქვა სხირტლაძემ
„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის შევხვდებოდით, რადგან მაინც ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და მომდევნო ეტაპზე ვართ გასასვლელი. გამარჯვებული მოედანზე უნდა გამოვავლინოთ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრები გველოდება. ალბათ, ერთი თამაში გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ იქნება და ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება“.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა 11 ან 12 ივლისს, განმეორებითი დაპირისპირება კი 18 ან 19 ივლისს გაიმართება.