კრისტალ პალასის მეკარეს დაუკავშირდნენ | ვალენსია მამარდაშვილის შემცვლელს ეძებს
„ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის შემცვლელს ეძებს. ქართველი მეკარე ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდის რადარზე იმყოფება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ღამურებს“ მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, რაც „მესტალიაზეც“ მშვენივრად მოეხსენებათ.
El Desmarque-ის ინფორმაციით, „ჩე“ „კრისტალ პალასის“ მეკარის, ვისენტე გუაიტას წარმომადგენლებს დაუკავშირდა. „ღამურებმა“ ვეტერანი ფეხბურთელის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიიღეს და იკითხეს, მას „ვალენსიაში“ დაბრუნების სურვილი აქვს თუ არა.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „ჩე“ არ ჩქარობს და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მამარდაშვილის მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვევა. გუაიტას „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და El Desmarque-ის მიხედვით, ესპანელმა გოლკიპერმა „ღამურებს“ „მესტალიაზე“ დაბრუნებაზე თანხმობა განუცხადა. 36 წლის მეკარე „ვალენსიას“ ძირითად გუნდში 2008-დან 2014 წლამდე თამაშობდა და კარიერის დასრულება „ჩეს“ რიგებში სურს.
გუაიტაზე გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, ბრიტანულ პრესაში მამარდაშვილზე კიდევ ერთხელ დაიწერა. როგორც მოგეხსენებათ, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ჩელსის“ მეკარე, ედუარ მენდი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს და „ლურჯები“ მის შემცვლელს ეძებენ. Standard-ის მიხედვით, „არისტოკრატების“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აპირებს, კეპა არისაბალაგა ნომერ პირველი მეკარე გახადოს და მამარდაშვილი მენდის შემცვლელად, სათადარიგოთა სკამისთვის იყიდოს.