სანიოლი: „მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მათი გამარჯვებები წარსულია“
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი გურამ კაშია ესწრებოდა.
“კვიპროსის ნაკრებთან შეხვედრაში ჩემი გუნდის შემტევები დაცვით ფუნქციებს ნაკლებად ასრულებდნენ. ეს პრობლემა იყო. გუნდში ბალანსი მნიშვნელოვანია.
წელიწადნახევარია ოფიციალურ შეხვედრაში არ დავმარცხებულვართ. შესაძლოა, იდეალური ფეხბურთი ვერ ითამაშო, მაგრამ მაინც გაიმარჯვო. კვიპროსთან გავიმარჯვეთ, მთავარი შედეგია. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, შოტლანდია კარგ ფორმაშია, სამივე თამაში მოიგო. ვეცდებით, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. მათი გამარჯვებები წარსულია, ხვალ ახალი ისტორია იწყება. შოტლანდიისთვის საკუთარ მოედანზე თამაში წნეხი იქნება.
საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა. ჩემს გუნდში ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელსაც ინიციატივის აღება შეუძლია. მათ ზრდის შესაძლებლობა აქვთ.
ჩვენ ოცნებების ასრულების გზაზე ვართ და ამ გზაზე გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია.
ყველამ იცის, რომ ხვიჩა ბრწყინვალე მოთამაშეა, დედაჩემმაც კი, რომელსაც ფეხბურთი კარგად არ ესმის“.
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში შოტლანდიამ კვიპროსი (3:0), ესპანეთი (2:0) და ნორვეგია (1:2) დაამარცხა. სტივ კლარკის გუნდი 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე პოზიციას საქართველოს ნაკრები 4 ქულით იკავებს, სანიოლის გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა, ნორვეგიასთან ბათუმში ფრედ ითამაშა (1:1), კვიპროსთან გასვლით შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვა (1:2). ესპანეთის ანგარიშზე 3 ქულაა, ნორვეგიის აქტივში მხოლოდ 1 ქულა. კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი შოტლანდიასა და საქართველოს შორის ხვალ, 20 ივნისს „ჰემპდენ პარკზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.
ფოტო: nakrebi.ge