ენდრიუ რობერტსონი: „კვარა განსაკუთრებულია, საქართველო მოსაგებად ჩამოდის“
შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ენდრიუ რობერტსონმა საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა. „ლივერპულის“ მარცხენა მცველმა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ მის გუნდს „ჯვაროსნებთან“ მარტივი შეხვედრა არ ელოდება.
„4 თამაშის შემდეგ, 12 ქულა განსაკუთრებული შედეგი იქნება და მიგვაახლოებს მიზანთან, რომლის მიღწევაც გვინდა. თუ ვერ მოვიგებთ, ვითარება შეიცვლება, რადგან საქართველო ქულებს აიღებს და ჩვენ შორის არსებული სხვაობა ისეთი დიდი არ იქნება, როგორიც შეიძლებოდა, ყოფილიყო.
ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. თითოეული ფეხბურთელი, ჩვენი თავკაცი და სამწვრთნელო შტაბი სამშაბათს გასამართ შეხვედრაზეა ფოკუსირებული. ნორვეგიიდან პირდაპირ შოტლანდიაში დავბრუნდით და მთელი ყურადღება ძალების აღდგენაზე გადავიტანეთ. მნიშვნელოვანი საღამო გველის და გვჭირდება, ჰემპდენი ბოლო ხმაზე იყოს ჩართული. გულშემატკივრებს ყვირილის საფუძველი მივეცით და არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც, არ უნდა იმღერონ. გვჭირდება, მათ ბიძგი მოგვცენ და როცა შენს სახელს 50 000 გულშემატკივარი ყვირის და გამხნევებს, მიზნის მიღწევა და წინსვლა ბევრად მარტივი ხდება.
ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში 2-ჯერ ვითამაშეთ. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, თუმცა საქართველოს ნაკრებს სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს და მათი დამარცხება რთული იქნება. ჩვენი ანალიტიკოსები მათ ფეხბურთელებს შეისწავლიან და დასკვნებს გაგვიზიარებენ. საქართველო გლაზგოში მოსაგებად ჩამოდის და ჩვენს დაწევას შეეცდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და პირველ რიგში, ორგანიზმი, შემდეგ კი განწყობა სათანადო კონდიციებში მოვიყვანოთ. ვეცდებით, მორიგი სამი ქულა ავიღოთ და იმედია, ჰემპდენზე კიდევ ერთ კარგ საღამოს ვიხილავთ“.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ხვალ გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.