სილვა: რუსეთში გატარებული დრო ჩემ კარიერაში ყველაზე უარესია
„ჩელსის“ ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ თავისი კარიერის შესახებ ისაუბრა და ყველაზე საშინელი ნაწილი გაიხსენა, როცა რუსეთში თამაშობდა.
2005 წლის იანვარში ბრაზილიელი მოსკოვის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, რადგან 6 თვე ტუბერკულოზს მკურნალობდა.
„რუსეთში ექვსი თვე გავატარე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, ოდესმე ისევ შევძლებდი თუ არა ფეხბურთის თამაშს. მე მხოლოდ ვოცნებობდი, რომ შევძლებდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი.
პორტოდან მოსკოვის დინამოში გადავედი და წინასასეზონო მზადებისას უცებ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. რამდენიმე ტესტი გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზი ძალიან მოწინავე სტადიაში მქონდა. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჯობდა საავადმყოფოში სამკურნალოდ დავრჩენილიყავი.
რუსეთში ექიმებს ჩემი ფილტვის ოპერაცია სურდათ. ზუსტად ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი. მართლაც მძიმე დრო იყო.
ვუსმენდი გარშემომყოფების, ჩემთან ყველაზე ახლობლების რჩევებს: დედას, შეყვარებულს, მენეჯერს. მე მათ ვუსმენდი და მივხვდი, რომ რაც მითხრეს, უნდა გამეკეთებინა. მათ მხოლოდ საუკეთესო სურდათ ჩემთვის, ვიცოდი, რომ ჩემზე ზრუნავდნენ.
ჩემმა წარმომადგენელმა რუსეთის საავადმყოფოდან ჩემი გათავისუფლება მოაწყო, რათა მკურნალობა პორტუგალიაში დამემთავრებინა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო.
იქ კიდევ სამი თვე დავრჩი. წამლებს ყოველდღე ვსვამდი, ყოველდღე დავდიოდი სასეირნოდ. დიდი ხნის ლოდინი მომიწია. მაგრამ ბოლოს სპეციალისტთან მივედი და მან მითხრა, რომ სიმშვიდე უნდა შემენარჩუნებინა. მშვიდად?! როგორ შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი?!
მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მითხრა, რისი მოსმენაც ასე ძალიან მინდოდა. შემეძლო ფეხბურთი კვლავ მეთამაშა და ჩემი ოცნება ამეხდინა. როგორც კი ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადალახავ, იცი, რომ გაიმარჯვებ“,
- ამბობს სილვა.