თემურ ქეცბაია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, კვიპროსის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს“ - ქეცბაიას პრესკონფერენცია

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან მატჩამდე ლარნაკაში, AEK-ის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

თემურ ქეცბაია: „ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ხვალინდელი თამაშის შემდეგ გუნდები დაინახევენ, თუ რისთვის იბრძოლებენ ამ შესარჩევ ციკლში.

საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, საქართველოს ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. ჩვენც კარგი ახალგაზრდები ვართ, რომლებიც ხვალ წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“.

კითხვას, ეს თამაში შესაძლებელია თუ არა იმის საშუალება იყოს, რომ თემურ ქეცბაიამ მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები დაამტკიცოს და სამუშაოდ საქართველოში დაბრუნდეს, კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ასე უპასუხა: „ეს თამაში არაფრის დასამტკიცებელი არაა. საქართველოს ნაკრებში 5 წელი ვიმუშავე. გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ელოდება. სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. ეს ვერ მოხერხდა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრები დიდ ფორუმზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდა გუნდია, მომავლის გუნდია.

დღეს საქართველოს ნაკრებში ბევრი კარგი ახალგაზრდაა. ბევრი ქართველი მოთამაშე ჩემპიონი გახდა, წარმატებული ფეხბურთელები არიან. ჩემი მუშაობის დროს ფეხბურთელთა დიდ ნაწილს არა თუ სათამაშო, სავარჯიშო პრაქტიკა არ ჰქონდა.

ვფიქრობ, ჯგუფის ფავორიტები საქართველო და კვიპროსი არ არიან, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ.

საქართველოს ნაკრებს ბევრი ინდივიდუალურად კარგად მომზადებული ფეხბურთელი ჰყავს. მათ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვეცდებით, ქართველ ფეხბურთელებს ბევრი სივრცე არ მივცეთ. იმედი მაქვს, ხვალინდელ მატჩს მოვიგებთ.

ვფიქრობ, სწორი არ იქნება პრესკონფერენციაზე იმის თქმა, თუ როგორი იქნება ჩვენი სქემა. ვიცით, რა მძიმე თამაში გველის. ასევე, ვიცით, რომ ამ გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელი თამაშობს. ვეცდებით, ხვიჩა კვარაცხელიას სივრცე არ მივცეთ, რომ საგოლე მომენტები ვერ შექმნას“.

„სალერნიტანას“ ფეხბურთელმა გრიგორი კასტანოსმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა: „ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ“.

კვიპროსი-საქართველოს მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა ჯერ მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, ბათუმში ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა. რაც შეეხება კვიპროსის ნაკრებს, ჯგუფის ლიდერ შოტლანდიასთან გასვლით შეხვედრაში 3 უპასუხო გოლი გაუშვა.

მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით ასევე იხილეთ ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი CrystalSport-ს სანაკრებო თემებზე ესაუბრა (იხილეთ).

დიმა შარიქაძე ლარნაკადან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ჯანსაღი გარემოა, კონკურენტებს ერთმანეთის წარმატება გვახარებს“
„ნაკრებში ჯანსაღი გარემოა, კონკურენტებს ერთმანეთის წარმატება გვახარებს“