„ბლოკებს მასზე ცუდად ალბათ არავინ აყენებს“ - რას წერს The Athletic-ი ბითაძეზე
ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, The Athletic-მა NBA-ში მოთამაშე ცენტრებზე დაწერა, რომლებიც შესაძლოა, თავისუფალი აგენტები გახდნენ. „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ერთ-ერთი მათგანია. „ორლანდოს“ აქვს უფლება, გოგას კონტრაქტი ერთი სეზონით გაუხანგრძლივოს, მაგრამ The Athletic-ი ვარაუდობს, რომ „მეჯიქი“ ამაზე უარს იტყვის და ბითაძე თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.
„გოგა ბითაძე იმედგამაცრუებელი კალათბურთელია. მას კარგი სროლის მანერა აქვს და მცირე ათლეტურობითაც გამოირჩევა, მაგრამ როტაციის წევრ კალათბურთელად მაინც ვერ ჩამოყალიბდა. ბითაძემ თავისი სროლის თამაშში გადატანა ვერ მოახერხა, პერიმეტრიდან 25.1 პროცენტით უტევს და პიკ ენდ როლებისას მის ეფექტურობას აზიანებს ის ფაქტი, რომ ალბათ, ბლოკების ყველაზე ცუდი დამყენებელია.
დაცვაში, გოგას დაფარებების განხორციელება შეუძლია, მაგრამ ზედმეტად ხშირად ჯარიმდება და მეტოქეთა პიკ ენდ როლებისას იკარგება. სავარაუდოდ, ორლანდო მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და სახელფასო ჭერში გაჩენილი ფინანსებით ისარგებლებს, მაგრამ გამორიცხული არაა, მეჯიქმა ბითაძე მესამე ცენტრად დაიტოვოს. თუ ასე არ მოხდა, გოგათი ევროპული კლუბები დაინტერესდებიან“.
შეგახსენებთ, რომ გოგამ „ორლანდოს“ მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პარკეტზე საშუალოდ 15 წუთს ატარებდა. მისი სრული მონაგარი 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 შედეგიანი გადაცემა, 0.4 ჩაჭრა და 0.9 დაფარებაა.