როდრი ისევ MVP-ია | ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, 2023 წლის ერთა ლიგის ნახევარფინალის ეგიდით, ესპანეთის ნაკრებმა იტალია 2:1 დაამარცხა და ფინალში ხორვატიაზე გავიდა.
მატჩი ლეონარდო ბონუჩის შეცდომითა და იერემი პინოს გოლით დაიწყო, რასაც იტალიელებმა მალევე უპასუხეს. მე-11 წუთზე, იმობილემ ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.
აქვე ვთქვათ, რომ იტალიელთა მეკარე დონარუმამ ერთა ლიგაზე მე-19 თამაში ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენია.
მეორე ნახევარში პირენეელთა ტერიტორიული უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, აპენინელებს კი ბურთის ამოტანა უჭირდათ და მხოლოდ კარის დაცვაზე ფიქრობდნენ.
ამის მიუხედავად, "აძურის" მაგარი მომენტი ჰქონდა, როცა დავიდე ფრატეზიმ ახლო მანძილიდან უნაი სიმონს ვერ აჯობა. სამაგიეროდ, ესპანელებმა 3 რეალური შანსი გაანიავეს. ამ ყველაფრის ფონზე, თითქოს საქმე დამატებითი დროისკენ მიდიოდა, მაგრამ შეცვლაზე გამოსულ ხოსელუს სხვა იდეა ჰქონდა. 88-ე წუთზე, იტალიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობითა და რამდენიმე რიკოშეტით ისარგებლა და "ფურია როხა" ერთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გაიყვანა.
საინტერესოა, რომ გუნდები ერთმანეთს 2021 წლის გათამაშების ასევე ნახევარფინალში შეხვდნენ და "ფურია როხამ" "აძურის" მაშინაც 2:1 მოუგო, თანაც 37-მატჩიანი სარეკორდო დაუმარცხებელი სვლაც შეუწყვიტა.
ესპანელთა საყრდენ როდრის კარიერის სრულიად განსაკუთრებული 5-დღიანი მონაკვეთი აქვს - ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლის გატანისა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ, დღევანდელ მატჩშიც MVP-იდ აირჩიეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ხესუს ნავასს ეხება. უგო ლორისის შემდეგ მეორე ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს. ლორისმა მუნდიალი და ერთა ლიგა მოიგო, ევროს ფინალი კი წააგო. ნავასს ჰეთ-თრიქის შანსი აქვს.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ფინალში ხორვატიას შეხვდება. მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45-დან, როტერდამის სტადიონ "დე კუიპზე" გაიმართება. მესამე ადგილისთვის კი იტალია ნიდერლანდებთან ითამაშებს.