„ტრანსფერი ან რეალში გაშვება არ მომითხოვია“ - მბაპეს ვრცელი ინტერვიუ
„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავმა, კილიან მბაპემ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ფრანგი ფეხბურთელი მის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ლიონელ მესის MLS-ში გადასვლასაც შეეხო.
„პარი სენ-ჟერმენისთვის ჩემი გაყიდვა ან რეალში გაშვება არ მომითხოვია. კლუბს მხოლოდ ის შევატყობინე, რომ კონტრაქტში ჩადებული პუნქტის ამოქმედებას არ ვაპირებ. ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ გაგვიმართავს და ბედნიერი ვარ, რომ აქ კიდევ ერთი სეზონით დავრჩები.
მესი და მისი წასვლა? ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშეა. კარგი სიახლე არასდროსაა, როცა მესისნაირი ფეხბურთელი მიდის. პირადად მე, არ მესმის რატომ გაუხარდა ამდენ ადამიანს ლეოს წასვლა. მას საფრანგეთში არ მიუღია პატივისცემა, რომელსაც იმსახურებდა და ეს სამარცხვინოა.
მესი და რონალდუ? განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ და იმედი მაქვს, გულშემატკივრებმა სიამოვნება ბოლომდე მიიღეს. გამიმართლა და კრიშტიანუს წინააღმდეგ ვითამაშე, შემდეგ კი ლეოს თანაგუნდელი ვიყავი. ისინი განსაკუთრებული ფეხბურთელები არიან და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. განსაკუთრებით, ლეოსგან, რომელთანაც 2 სეზონი გავატარე. მათ ფეხბურთის ისტორია გადაწერეს და სამუდამოები არიან.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი? როგორც მილანის გულშემატკივარს, ინტერზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ნერაძური კარგად მოემზადა და სიტის პრობლემები შეუქმნა. გამარჯვებულის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთი ასეთია, მაგრამ ინტერს შეუძლია, თავისი თამაშით ბედნიერი იყოს, სიტი კი მილოცვას იმსახურებს.
ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენის წარუმატებლობა? ჩემნაირი ფეხბურთელის მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა. ვიცოდით, რომ კლუბში ნაკლები და პრობლემები გვქონდა და ადრე თუ გვიან, ეს ძვირად დაგვიჯდებოდა. შეცდომებზე უნდა ისწავლო და ისინი აღარ გაიმეორო. პირადად მე რაც შემეხება, მინდა, პროგრესი განვაგრძო და ტოპ დონეზე დავრჩე“.
შეგახსენებთ, მბაპეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს და კონტრაქტის მიხედვით, მისი 1 სეზონით გახანგრძლივება შეეძლო, რაზეც უარი თქვა. ამის შემდეგ, კილიანი „რეალს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ იგი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამ ზაფხულს გადავიდოდა, მაგრამ მბაპემ ეს ინფორმაცია უარყო.