გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდამ სეზონი შეაჯამა | „ყველაზე გამორჩეული რეალთან მატჩი იყო“

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განვლილი სეზონი შეაჯამა და მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებზე ისაუბრა.

22 წლის მეკარე ვინისიუსთან მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და გასული სეზონის დასამახსოვრებელი მომენტებიც გაიხსენა.

რა თქვა მამარდაშვილმა:

საკმაოდ რთული და დაძაბული სეზონი გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში. ყველა თამაშში მივიღე მონაწილეობა და 3 მწვრთნელი გამოვიცვალე. საერთო ჯამში სეზონს დადებითად შევაფასებ. რა თქმა უნდა, მიზანი იყო, რომ ლა ლიგიდან არ გავვარდნილიყავით, საბედნიეროდ ეს ამოცანა შევასრულეთ და ლა ლიგაში დავრჩით. საკლუბო სეზონს დადებითად შევაფასებდი.

რაც შეეხება სანაკრებო სეზონს, ნორვეგიასთან ბათუმში ჩატარებულ თამაშს დადებითად შევაფასებ და ახლაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ავიღოთ ქულები და ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლოთ. კვიპროსთან ძალიან საინტერესო და რთული თამაში იქნება, იმიტომ რომ ძლიერი ნაკრებია და მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა.

ერთა ლიგამდე ჯერ ეს შესარჩევი ეტაპი უნდა ჩავატაროთ კარგად და მაქსიმუმი უნდა ავიღოთ, ამის შემდეგ, შეგვიძლია ვიფიქროთ ერთა ლიგაზე, შესაძლოა, ის თამაშები არც დაგვჭირდეს.

U21 ევროპის ჩემპიონატი? პირველ თამაშში, პორტუგალიის წინააღმდეგ დიდი ალბათობით არ ვიქნები, იმიტომ რომ 20 ივნისს შოტლანდიასთან გვაქვს თამაში, პორტუგალია კი 21-ში გაიმართება. ალბათ, მეორე და მესამე თამაშებში ვიქნები. რაც შეეხება მეტოქეებს, რთული ჯგუფი შეგვხვდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ისეთი ფეხბურთელები ვართ შეკრებილები, მგონია ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჯგუფიდან გასასვლელად მაქსიმუმს გავიღებთ.

ვფიქრობ, რომ ძალიან განვვითარდი და მოვუმატე, რაც შეეხება გულშემატკივრების აღიარებას, მათ აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ და უბრალოდ მიხარია, თუ გუნდს შედეგის მიღწევაში დავეხმარე.

„ვალენსიას“ საკმაოდ მომთხოვნი გულშემატკივრები ჰყავს და თავისი გუნდი ძალიან უყვართ, კლუბის გერბის გამო კი ყველაფერს გააკეთებენ. უნდათ, რომ საკუთარ მოედანზე ვისაც ვეთამაშებით, ყველას მოვუგოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს „რეალი“ იქნება თუ „ბარსელონა“.

გატუზო მაღალი დონის სპეციალისტია და ძალიან დამეხმარა. დიდი როლი ითამაშა, რომ განვვითარებულიყავი, თუნდაც ფეხით თამაშში. რაც შეეხება ედინსონ კავანის, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და სულ ლაპარაკობს, ძალიან უბრალო ადამიანია და მიხარია, რომ მასთან ერთად თამაში მომიწია.

„რეალთან“ მატჩი ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ჩემი გუნდელი წააქცია რუდიგერმა და ვინისიუსმა ფეხი მიარტყა. იმ მომენტში ჩემი გუნდელის დაცვას ვცდილობდი. რაც შეეხება რასიზმს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა და ძალიან ცუდი შეძახილები იყო. ვინისიუსს მხარს ვუჭერ, რადგან ასეთი რაღაც არ შეიძლება. ეს კამპანია სულ მიმდინარეობს და ყოველთვის ამბობენ „არა რასიზმს“, მაგრამ მხოლოდ ეს არ შველის და სხვა ზომებიც უნდა იყოს მიღებული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა 2022/23 წლების სეზონში „ვალენსიას“ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 45 ბურთი გაუშვა, ახლა კი ქართველი მეკარე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და უახლოესი სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება.

17 ივლისს საქართველოს ნაკრები სტუმრად თემურ ქეცბაიას კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი ასევე სტუმრად შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს
მიქაუტაძე შეუერთდა - საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ივარჯიშებს