U20 მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ისტორიაში პირველად | ურუგვაიმ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ურუგვაის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. „სელესტემ“ სატიტულო მატჩში იტალიას აჯობა და მსოფლიო ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სამხრეთ ამერიკელები ფინალში მესამედ თამაშობდნენ (აქამდე 1997 და 2013), აპენინელებს კი - პირველად. როგორც გამოჩნდა, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი გამოცდილებამაც ითამაშა და შეხვედრის დიდი ნაწილი ურუგვაელთა უპირატესობით წარიმართა.

„აძურინიმ“ პლეი-ოფის სტადიაზე ინგლისი, კოლომბია და ყოფილი ვიცე-ჩემპიონი სამხრეთ კორეა დაამარცხა, თანაც ეს შემტევი და აგრესიული ფეხბურთით გააკეთა, ფინალში კი გუნდმა შესაძლებლობები ბოლომდე ვერ წარმოაჩინა.

ურუგვაის რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა და იტალიელთაგან საუკეთესო მეკარე დეპლანში იყო. თუმცა, 86-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ შექმნილი არეულობის შემდეგ ისიც უძლური აღმოჩნდა და ლუსიანო როდრიგესმა თასის მომტანი, ისტორიული გოლი შეაგდო.

შედეგად, ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის რიგით 23-ე გათამაშების გამარჯვებულია. „სელესტემ“ პლეი-ოფში (გამბიასთან, აშშ-სთან, ისრაელთან და იტალიასთან) ყველა მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო, მთელ ტურნირზე კი 7-დან 6 თამაშში შეინახა კარი მშრალად. ეს საუკეთესო შედეგის გამეორებაა - 2007-ში იგივე ჩილეს ნაკრებმა გააკეთა, 2011-ში კი - პორტუგალიამ.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელთა ნახევარმცველი ჩეზარე კასადეი გახდა, საუკეთესო მეკარედ კი ასევე „აძურინის“ წარმომადგენელი, სებასტიანო დეპლანში დაასახელეს. ფეარ-პლეის პრიზი აშშ-ის ნაკრებმა მიიღო.

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის რიგით 24-ე გათამაშება 2025 წელს, მალაიზიასა და ტაილანდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალზე უნდა ემუშავა - ადრიანო დაიკარგა
ფინალზე უნდა ემუშავა - ადრიანო დაიკარგა