ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი | კვარა ტოპ 10-ში აღარაა
2022/23 წლების საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, GOAL-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. „კვარა“ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში ტოპ 10-ში იმყოფებოდა, მაგრამ პოზიციების დათმობა მოუწია.
GOAL-ის საბოლოო რეიტინგში ხვიჩა მე-13 ადგილს იკავებს. ქართველი შემტევი მე-8 გახლდათ და 5 საფეხურით დაქვეითდა. ტოპ 10-ში მისი პოზიცია როდრიმ დაიკავა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
პირველზე კვლავინდებურად ლიონელ მესი იმყოფება, რომელიც GOAL-ის აზრით, პრესტიჟული ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტია. მეორე პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრების მიუხედავად, „ლა პულგას“ ვერ გადაუსწრო. მესამეზე კილიან მბაპეა, მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი ვინისიუს ჟუნიორი და კევინ დე ბრუინი ინაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი 30 ოქტომბერს, პარიზში გამოვლინდება, იქამდე კი 6 ოქტომბერს ჯილდოს მოგების მთავარ ფავორიტებს დაასახელებენ. „ოქროს ბურთის“ ბოლო გამარჯვებული კარიმ ბენზემაა.