სოუზამ წინადადება მიიღო | ნაპოლის ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯშია
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელიც ლუჩანო სპალეტის ჩაანაცვლებს. იტალიურ პრესაში „პარტენოპეის“ რამდენიმე სპეციალისტი დაუკავშირეს და დღეს, ცნობილმა გამოცემამ, Tuttosport-მა ახალი ინფორმაცია გააჟღერა.
როგორც Tuttosport-ი წერს, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს პაულუ სოუზასთან აწარმოებს. პორტუგალიელი სპეციალისტი „სალერნიტანას“ მთავარი მწვრთნელია და Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, „ნაპოლის“ ჩაბარებასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება.
დე ლაურენტისსა და სოუზას შორის შეხვედრა გაიმართა და „პარტენოპეის“ პირველმა პირმა პორტუგალიელს წინადადებით მიმართა. სოუზას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, მისი ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩადება მოითხოვა, რომელიც 4 მილიონ ევროდ განისაზღვრა. Tuttosport-ის ცნობით, მისი აგენტები დე ლაურენტისის თანხმობას ელოდებიან, ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ვარაუდობენ, რომ პასუხს უახლოეს საათებში მიიღებენ. თუ ლაურენტისი სოუზასთან შეთანხმებას მიაღწევს, „ნაპოლიმ“ გამოსასყიდი თანხის სახით „სალერნიტანას“ 1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.
შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.