ინტერი, პეპ გუარდიოლა, მან. სიტი, კევინ დე ბრუინი, ილქაი გიუნდოგანი, როდრი
Aa
Aa

სტამბოლში ისტორია დაიწერა - მან. სიტი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის ფინალში „მან. სიტიმ“ სტამბოლში, „ათათურქზე“ მილანის „ინტერი“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 68-ე წუთზე როდრიმ გაიტანა და „ქალაქელები“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულნი გახდნენ.

პეპ გუარდიოლამ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგა მესამედ მოიგო, 2008-09 და 2010-11 წლებში „ბარსელონასთან“ ერთად.

„მან. სიტის“ ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი პირველი გერმანელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში არაგერმანულ გუნდს კაპიტნობდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდილამ პირველ ტაიმში 1 იძულებითი ცვლილება განახორციელა, 36-ე წუთზე ინგლისური კლუბის ლიდერმა კევინ დე ბრუინმა მინდორი ტრავმის გამო დატოვა, ბელგიელი ფილ ფოდენმა შეცვალა. ანალოგიური რამ 2020-21 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხდა, როცა დე ბრუინმა მინდორი ტრავმის გამო მეორე ტაიმში დატოვა, ის შეხვედრა „მან. სიტიმ“ „ჩელსისთან“ 0:1 დათმო.

68-ე წუთზე „მან. სიტის“ მწვავე შეტევა როდრის დარტყმით დასრულდა, მცველებს ბურთი „შემოატარა“, ონანა უძლური იყო, ბურთის მიმართულებას ვერ ხედავდა.

მიმდინარე სეზონში როდრიმ 52 მატჩი სასტარტოში ითამაშა. პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ერთ სეზონში უფრო მეტი მატჩი სასტარტოში მხოლოდ ლიონელ მესიმ ჩაატარა. 2011-12 წლების სეზონში არგენტინელმა სასტარტოში 57 შეხვედრაში ითამაშა.

გაშვებული გოლის შემდეგ მილანის „ინტერმა“ რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, თუმცა საბოლოოდ როდრის გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.

პეპ გუარდიოლამ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში ჩემპიონთა ლიგა 12-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, უკანასკნელად მისი გაწვრთნილი გუნდი ამ ტურნირის გამარჯვებული 2010-11 წლების სეზონში გახდა, როცა „ბარსელონამ“ სერ ალექს ფერგიუსონის „მან. იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა.

გუარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში ტრებლი მეორედ მოიგო (ინგლისის პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა). 2008-09 წლების სეზონში გუარდიოლას გაწვრთნილმა „ბარსელონამ“ ანალოგიური შედეგი დააფიქსირა. 

გუარდიოლა ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომლის ხელმძღვანელობით ტრებლი ორმა გუნდმა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები