თეთრაძე: „ქართველებში ასეთი პროფესიონალური მიდგომა პირველად ვნახე“
„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, „საბურთალოში“ მოთამაშე ახალი თაობის ფეხბურთელები პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ამ თემაზე გამოცდილი სპეციალისტი ვრცლად საუბრობს.
ომარ თეთრაძე:„ზამთარში, თურქულ შეკრებაზე მხოლოდ 14 ფეხბურთელი ვიყავით. ტრავმების გამო გოშთელიანს, ტაბატაძესა და სილას შეკრება არ გაუვლიათ. ტრავმირებული ფეხბურთელები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შემოგვიერთდნენ. სეზონის სტარტზე გაგვიჭირდა, მოთამაშეები კარგად შეთამაშებულნი არ იყვნენ.
დიდი მადლობა ფეხბურთელებს. სიმართლე გითხრათ, ქართველ ფეხბურთელებში ასეთი პროფესიონალური მიდგომა პირველად ვნახე.
რუსეთში მუშაობისას ბევრი ქართველი ფეხბურთელი მყავდა. ახლა ნავალოვსკი ჩემი ასისტენტია, მან თვითონ მითხრა, რომ მისი თაობისა და ამჟამინდელი თაობის ფეხბურთელებს შორის დიდი განსხვავებაა, ესენი უფრო პროფესიონალები არიან ვიდრე ჩვენ ვიყავითო. მინდა, ამ ბიჭებს მადლობა გადავუხადო. თამაშიდან თამაშამდე მათში რწმენა იზრდებოდა, რომ შეუძლიათ თამაში და დიდი შედეგის მიღწევა.
რა შევძინე „საბურთალოს“? ჩვენ შეიძლება ერთმანეთი მოვატყუოთ, მაგრამ ფეხბურთს ვერ მოვატყუებთ. ვინც ღირსია და ვინც იმსახურებს, ის თამაშობს. ძველი დამსახურების გამო გუნდში ვერავინ მოხვდება. მნიშვნელობა არ აქვს მათ ასაკს, პასპორტს არ ვუყურებ. 17 წლის მოთამაშე რომ ღირსი იყოს, მას ვათამაშებ. ანალოგიურად ვფიქრობ 38 წლის ფეხბურთელზე“.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ „საბურთალო“ 38 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 4 ქულით ჩამორჩება. ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა გუნდმა 19-დან 11 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დასრულდა და მხოლოდ 3 დათმო.
მასალაში გამოყენებულია „საბურთალოს“ პრესსამსახურის ფოტო