ჩავის პრიორიტეტი კიმიხია - იოზუა ბაიერნზე ზეწოლის მოხდენას აპირებს
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი, იოზუა კიმიხს არ ეშვება და მის ტრანსფერზე დღემდე მუშაობს.
იმის შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თავად კიმიხს „ბარსელონას“ ვარიანტი მოსწონდა და გუნდის შეცვლის წინააღმდეგიც არ იყო, კატალონიელთა თავკაცი ფეხბურთელზე ზეწოლის მოხდენას აპირებს, რათა თავად იოზუამ „ბაიერნზე“ გავლენა მოახდინოს და მისი ტრანსფერი რეალური გახდეს.
ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ჩავიმ კლუბს გიუნდოგანთან ერთად კიმიხის შეძენაც მოსთხოვა და საამისოდ ყველაფრის გაკეთებას ითხოვს.
ჩავი თვლის, რომ კიმიხი მისი ასაკიდან გამომდინარე დღეს საუკეთესო ნახევარმცველია და „ბარსელონას“ იდეალურად მოერგება.
ნაგელსმანის დათხოვნის შემდეგ, კიმიხს „ბაიერნის“ დატოვება სურს, თუმცა კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ 28 წლის ნახევარმცველი დარჩეს.
წყაროს თანახმად, კიმიხი უახლოეს დღეებში „ბაიერნზე“ ზეწოლის მოხდენას შეეცდება, რამაც მისი ტრანსფერი უნდა დააჩქაროს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს გაფორმებული და მის განახლებას არ აპირებს.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, კატალონიელებს ამ ზაფხულს დიდი თანხის გადახდა მხოლოდ 1 მოთამაშეში შეეძლებათ. თავდაპირველად ეს სუბიმენდი იყო, რომელმაც ბუსკეტსი უნდა შეცვალოს. თუმცა, თუ კიმიხი დაიყოლიეს, ჩავისთვის გერმანელი სერხიოს პოზიციაზე ნომერ პირველი არჩევანია.
სხვა მხრივ „ბარსელონა“ ბაზარზე მხოლოდ თავისუფალი აგენტების შეძენას შეეცდება. უფრო მეტად აქტიურობისთვის კლუბს 3-4 ფეხბურთელის მისაღებ ფასში გაყიდვა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ტრანსფერმარკტის მონაცემებით კიმიხი 80 მილიონ ევროდ არის შეფასებული.