„რთული იქნება, მაგრამ ვიცით სიტის როგორ უნდა ვეთამაშოთ“ - ლაუტარო და დარმიანი მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, „ინტერის“ ფეხბურთელებმა ლაუტარო მარტინესმა და მატეო დარმიანიმ უეფას ოფიციალურ ვებ გვერდთან ისაუბრეს და „მანჩესტერ სიტის“ დამარცხების გზებზე თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ლაუტარო მარტინესი:
„ჩემპიონთა ლიგის ფინალი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი საფეხბურთო სამყაროში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მაისური იცვლება, მაგრამ გრძნობები იგივეა. ჩვენ აქ ჩვენი ძალისხმევის გამო ვართ. გუნდმა დიდი სამუშაო შეასრულა. ახლა მთავარია მიზანს მივაღწიოთ. ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვრჩება.
ჩვენ ვიცით, რომ მანჩესტერ სიტი რთულად დასამარცხებელი გუნდია. მათ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ სიტი გუნდურადაც კარგად მუშაობს. ჩვენ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ახლა ეს მოედანზეც უნდა ვაჩვენოთ.
ეს სეზონი მშვენივრად მიდის. ძალიან ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ მას მაღალ ნოტაზე დავასრულებთ. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია თასი მილანში დავაბრუნოთ. ეს სიზმარია. დიდი დიდი ოცნებაა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავიღოთ. უნდა ვაჩვენოთ ხასიათი, მთელი გულით ვითამაშოთ და ამ თასის მოსაგებად გამარჯვების ნება, სურვილი უნდა გამოვავლინოთ“.
მატეო დარმიანი:
„ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ და ვამაყობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში შეგვიძლია. თითოეული ჩვენგანისთვის ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება. ფინალისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებული.
რთული მატჩი გველის. ჩვენ კარგად ვიცით მანჩესტერ სიტისა და მისი ფეხბურთელების მაღალი ხარისხის შესახებ. მზად და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
სიტის კარგად ვიცნობ, მათ წინააღმდეგ ვითამაშე, როცა მანჩესტერ იუნაიტედში ვიყავი. იდეალურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ. საამისოდ მსხვერპლის გაღება მოგვიწევს. მთელი გულით უნდა ვითამაშოთ.
კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაში ვართ. ჩვენ ვიცით მათი ძლიერი მხარეები. მატჩის სხვადასხვა მონაკვეთში სწორი გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო“.
შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.